მნიშვნელოვანისაქართველო

პარლამენტთან აქცია დღეს 19:00 საათზე განახლდება

“ანტისაოკუპაციო აქცია “სირცხვილია” პარლამენტის შენობის წინ დღეს 19:00 საათზე განახლდება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

“პატარა გაურკვევლობა იყო იმიტომ, რომ ბოლო შეთანხმება პოლიციასთან რაც გვქონდა, იყო ის, რომ როცა მეორე აქციის მონაწილეები წავიდოდნენ, ჩვენი ორგანიზატორების მეორე ჯგუფი შევიდოდა და დაიწყებოდა მომზადება დღევანდელი საღამოს აქციისთვის. ახლა შევიდნენ და იწყება მზადება”, – აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა. მისი განმარტებით, აქციის მე-20 დღესაც მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს ულტრანაციონალისტურმა ძალებმა. ამ დროისათვის პარლამენტის წინ იმყოფებიან მხოლოდ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები.

9 ივლისს თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. პარლამენტის წინ იყო ულტრანაციონალისტური ჯგუფების აქცია. ამ ჯგუფების წინააღმდეგობის მიუხედავად, ლგბტქ ადამიანებმა მოახერხეს რამდენჯერმე გადადებული “ღირსების მარშის” გამართვა. ამავე დროს აქცია მიმდინარეობდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეზოში, სადაც მოქალაქეთა ნაწილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დასჯას ითხოვდა. ხოლო 19:00 საათისთვის პარლამენტის შენობისკენ დაიძრა აქცია “სირცხვილია”. პოლიციის კორდონის გამო, 9 ივლისის გამთენიამდე “სირცხვილიას” წარმომადგენლებს პარლამენტის წინ მისვლის საშუალება არ მიეცათ.

 

რადიო თავისუფლების მასალა

მსგავსი პოსტები

Back to top button