მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნებამ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მიმდინარე კვირის დღის წესრიგში არ ჩასვა

პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.
პარლამენტის ბიუროს პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტი წარედგინა, სადაც კენჭსაყრელი საკითხების სიაში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტი არ წერია.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს დღის წესრიგიდან კონკრეტული საკითხის ამოღებას არ ნიშნავს, რადგან პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომების დღის წესრიგს ყოველ ჯერზე ხელახლა ადგენს და დღის წესრიგის პროექტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭსაყრელ საკითხთა შორის არ არის.

პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა, რომ თუ საკითხის დღის წესრიგში შეტანა სურთ, შესაბამისი მოთხოვნა ბიუროსა და პარლამენტის სხდომაზე დააყენონ და მასზე პარლამენტი იმსჯელებს.

“ჩვენ, პარლამენტის ბიურო სასესიო კვირის დღის წესრიგს ვადგენთ, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. შეგახსენებთ, რომ მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი პარლამენტის სხდომების დღის წესრიგში რამდენჯერმე არ შეგვქონდა და წინა კვირას შევიტანეთ. არ არსებობს არანაირი დღის წესრიგი, რომლიდანაც რაიმეს ამოღება ხდება. დღის წესრიგის შედგენა ყოველ ჯერზე ხდება, სადაც გამომდინარე იქიდან, თუ როგორ განიხილავს ბიურო, საკითხები დღის წესრიგში შეაქვს. თუ პარლამენტის წევრთა ჯგუფი დღის წესრიგს არ ეთანხმება ან ფიქრობს, რომ საკითხი დასამატებელია პლენარულ სხდომაზე, შეგიძლიათ საკითხის შეტანის საკითხი დააყენოთ. ამაზე ბიურო და პლენარული სხდომა იმსჯელებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.
როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ “ასეთ დროს ამ თემების წამოწევა და პარლამენტში დესტრუქციული დღის წესრიგის შეტანა მიზანშეწონილი არ არის“.

პაპუაშვილმა აქვე დასძინა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხმა სხვა კენჭისყრები შეაფერხა.

რადიკალური ოპოზიციის გეგმა, რომ პარლამენტში გაასამართლოს სასამართლო, არის წარმოუდგენელი დემოკრატიისთვის და იმ საკონსტიტუციო მოწყობისთვის, რასაც ჰქვია საპარლამენტო მოწყობა და ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე აცხადებს, რომ მათ გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით წესების დაცვით მიიღეს.

ეს დღე დაიმახსოვრეთ, ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება პარლამენტის ისტორიაში , – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.

უსუფაშვილის თქმით, მიზეზი ის არის, რომ უმრავლესობას კომისიის შექმნის საკითხი არ მოსწონს.

“უპრეცედენტო ამბავზე მიდიან. ეს დღე დაიმახსოვრეთ, რადგან ეს ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება პარლამენტის ისტორიაში, ამან გადაფარა ის ფაქტი, დარბაზი რომ ჩაგვიკეტეს და პრეზიდენტის მოწვეულ სხდომაზე არ შეგვიშვეს. რა ქნეს დღეს – საგამოძიებო კომისიის საკითხი წაშალეს სიიდან, ამოვიღეთო ამ სიიდან და ხვალ რეგისტრაციას გავივლით კენჭსაყრელ საკითხებზეო. ოღონდ, ეს საკითხი სიაში აღარ წერია. მიზეზი ის არის, რომ არ მოგვწონს კომისიის შექმნაო.

თავიანთი თავი შეიყვანეს უმძიმეს მდგომაერობაში, ახლა ამბობენ, რომ ჩვენ ხომ ბევრნი ვართ ბიუროზე და ავწევთ ხელს, რომ სია მტკიცდება ამ საკითხის გარეშე და თქვენ თუ გინდათ დასვით საკითხი, რომ ხელახლა შევიტანოთო, რა უნდა შევიტანოთ, როცა შეტანილი იყო? ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელშიც შევიდნენ, დგამენ გაცილებით მძიმე ნაბიჯს, ესაა ხელისუფლების უზურპაცია, აცხადებენ ბევრნი ვართ, ამ საკითხს წავშლით და არ დავაყენებთ არც ხვალ, არც ზეგ და არც მაზეგ, რამდენიც გინდათ მოიტანეთ კომისიის შექმნის გადაწყვეტილებები, რამდენიც გინდათ იყავით ოპოზიციაში, გინდა 67, გინდა 70 და 77, ვინაიდან, ბიუროზე ბევრნი ვართ, არ შევიტანთო.

რას ვაპირებთ – „ოცნება“ ფართო ნაბიჯებით მიექანება უფსკრულისკენ, ჩვენ არ უნდა ჩავყვეთ და ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ უფსკრულს… არჩევნებით ეს ხელისუფლება შეიცვლება, მანამდე რაც მეტ ასეთ უმსგავსობას ჩაიდენენ, საკუთარ თავს ავნებენ, რადგან კომისიის შექმნით რა უნდა გამოვლენილიყო? – რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური „კლანი“ და არა მხოლოდ მოსამართლეების. უხეში, ძალისმიერი, საპარლამენტო ცხოვრებისთვის მიუღებელი გზებით იღებენ გადაწყვეტილებებს, ამაზე მეტი რა უნდა გამოევლინა კომისიას?!”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მზად არიან საკანონმდებლო ორგანოს უზურპაციისთვის, რათა გადაეფარონ კორუფციის გამო სანქცირებულ მოსამართლეებს – ესა მორიგი საფუძველი, რომ სანქციები დაუწესდეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც კონსტიტუციას არღვევენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წინა კვირის კენჭსაყრელი საკითხები “ავტომატურად გადმოდის” დღის წესრიგში, თუმცა, უმრავლესობამ “ახალი საპროცედურო ხრიკი გამონახა.”

აქუბარდიას თქმით, მსგავსი პრეცედენტი, როცა კენჭსაყრელ საკითხთა სიაში კონკრეტული საკითხი აღარ დახვდათ, აქამდე პარლამენტში არ ყოფილა.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ” იკადრა მორგ ჯერზე კონსტიტუციის მიღმა გასვლა. ისე, რომ საკითხის ინიციატორებთან არ მომხდარა არანაირი შეთანხმება, კენჭსაყრელ საკითხთა სიიდან ამოიღო საგამოძიებო კომისიის საკითხი, რომლის გამოც მანამდე სამჯერ უარი განაცხადა კენჭისყრის წინ რეგისტრაციაზე. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ისინი ყველაფრისთვის არიან მზად, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს უზურპაციაზე იმისთვის, რომ გადაეფარონ კორუფციის გამო სანქცირებულ მოსამართლეებს, რომლებიც წინა ხელისუფლებიდან ასე ლაზათიანად გადმოიბარეს.

ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა შეუძლიათ ჩააგდონ ისე, რომ კენჭსაყრელ საკითხებში არც კი მოხვდეს, ეს მორიგი საფუძველია იმისა, რომ სანქციები დაუწესდეთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც საპარლამენტო რესპუბლიკაში კონსტიტუციას არღვევენ,”- განაცხადა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ რომ სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტმა გასულ კვირას განიხილა. განხილვის შემდეგ საკითხი კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში აისახა, თუმცა კენჭი ვერ ეყარა, რადგან უმრავლესობამ კენსჭისყრის პროცედურის წინ საჭირო რეგისტრაცია არ გაიარა.

ცნობისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ “არა უშავს”. მისი თქმით, ამ ფაქტს “როგორმე გადაიტანს”.

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც – მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button