მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პარტია”მოქალაქეები”პარლამენტში მუშაობას დღეიდან იწყებენ

პარტია მოქალაქეების წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვებიან. ისინი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას დაესწრებიან.

ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ ელისაშვილი და იოსელიანი კოლეგებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერენ.

„მოქალაქეებმა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა, რიგგარეშე არჩევნების, საარჩევნო რეფორმის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საერთო მოთხოვნას შეუერთდა და მონაწილეობდა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

მოგვიანებით, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია დაადანაშაულა მოლაპარაკების ჩიხში შეყვანის და ჩაშლის მცდელობაში და „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება დამოუკიდებლად დაიწყო.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის და ლევან იოსელიანი ქართული ოცნებასთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შედიან პარლამენტში. მისივე თქმით, ამ დოკუმენტის ინიცირება პარლამენტში პირველ მარტამდე უნდა მოხდეს და პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს დატოვებენ.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, ბოიკოტის რეჟიმში რჩება და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს. მათ შესაბამისი განცხადებებით პარლამენტს დიდი ხანია მიმართეს, თუმცა ქართულ ოცნებას მანდატების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე ამ დრომდე არ გაუტანია.

საკითხი კენჭისყრაზე დღეს, 2 თებერვალს უნდა დადგეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button