კრიმინალი

“პარტიების პროგრამების უმეტესობა, ფურცელზე გადატანილ სადღეგრძელოს ჰგავს”

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 50 პოლიტიკური სუბიექტი იბრძვის. საარჩევნო დაპირისპირება, ტრადიციულად, ერთმანეთის ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, საარჩევნო პროგრამა კი, ფაქტობრივად, პროცესებში მეორეხარისხოვან ადგილს იკავებს.

საარჩევნო პროგრამა, პოლიტიკური პარტიებისთვის წინასაარჩევნოდ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტად ითვლება, რაც მათ შემდგომ მოქმედებებს განსაზღვრავს, თუმცა მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პარტიების უმრავლესობას, პროგრამა საერთოდ არ აქვს, ხოლო ვისაც აქვს უმეტესობა ყოველგვარი წინასწარი გათვლების და გაანგარიშების გარეშეა შექმნილი.

ვებგვერდ “თვითმმართველობის დროა”-ს დამფუძნებელი მაგდა პოპიაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების პროგრამების უმეტესობა, ფურცელზე გადატანილ სადღეგრძელოს უფრო ჰგავს და კონკრეტული პრობლემების გადაჭრის მაღალკვალიფიციურ ხედვასთან საერთო არაფერი აქვს.

პოპიაშვილის თქმით, რჩება შთაბეჭდილება რომ საარჩევნო სუბიექტებს პროგრამები დაწერილი აქვთ იმისთვის, რომ ჰქონდეთ პროგრამა, და არა იმისთვის, რომ ამომრჩეველმა იცოდეს, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, კონკრეტული პოლიტიკური ძალა, როგორ გაუმკლავდება ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

“საარჩევნო სუბიეტების უმეტესობას არ აქვს გაანალიზებული, თუ რა შედეგი შეიძლება დადონ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ყველა მათგანი ლაპარაკობს იმას, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ როგორ შეცვლიან ქვეყანას. მაგალითისთვის, პარტიების უმეტესობა, მოსახლეობას გადასახადების შემცირებას და ხელფასებისა და პენსიების გაზრდას ჰპირდება. ეს ორი კონკრეტული დაპირება კი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. მითუმეტეს მაშინ, როცა პროგრამაში არ ჩანს კონკრეტული ნაბიჯები თუ როგორ აპირებს ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი, შემცირებული გადასახადების ფონზე, ბიუჯეტის გაზრდას. ამ ყველაფრის შემდეგ მიჩნდება განცდა, რომ პოლიტიკოსები ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე ამომრჩეველს მუდმივად ატყუებენ”, – განუცხადა რადიო ჰერეთს მაგდა პოპიაშვილმა.

EECMD (აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) – 2012 წლიდან ყოველი არჩევნების წინ პოლიტიკურ პარტიებს სპეციალურ პლატფორმას სთავაზობს, სადაც საარჩევნო სუბიექტებს კონკრეტულ საკითხებზე საკუთარი პროგრამული ხედვების განთავსება შეუძლიათ.

როგორც ორგანიზაციის კახეთის კოორდინატორმა, ნიკოლოზ შარვაშიძემ რადიო ჰერეთს განუცხადა, იმ პარტიების დიდი ნაწილი, რომელთაც საკუთარი პროგრამა პორტალ partiebi.ge-ზე განათავსეს, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდის.

“პარტიების უმეტესობა თვლის რომ ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლები უნდა გაიზარდოს ყველა მიმართულებით, თუმცა ამავე დროს დებენ სახელმწიფო გადასახადების შემცირების პირობას, რომელიც საქართველოში ევროპის მასშტაბით, ისედაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ამ ემთხვევაში კი გაუგებარი ხდება, როგორ მოხდება იმ ხარჯების მობილიზება, რომლითაც უნდა გაიზარდოს განათლების, სოციალური სფეროს თუ საჯარო სექტორის დაფინანსება”, – აცხადებს შარვაშიძე.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს შექმნილ რამდენიმე პოლიტიკურ ძალას, ბევრად უფრო დახვეწილი და სრულყოფილი საარჩევნო პროგრამები აქვთ, ვიდრე პოლიტიკურ სივრცეში არსებულ კვალიფიციურ მოთამაშეებს, მათ შორის ხელისუფლებას.

“სოციალური სფეროს განვითარების კუთხით საინტერესოა ერთ-ერთი ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიის ხედვა, რომელიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამას ითვალისწინებს და აქვს ინიციატივა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეს, სოციალური დახმარება შეუნარჩუნდეს. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რათა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ ქვედა ფენიდან საშუალო ფენაში გადაინაცვლოს”, – განუცხადა რადიო ჰერეთს ნიკოლოზ შარვაშიძემ.

მესამე სექტორში მნიშვნელოვან ხარვეზად მიიჩნევენ იმ ფაქტსაც, რომ პოლიტიკურ პარტიებს საკუთარ პროგრამებში არ აქვთ ჩამოყალიბებული ხედვა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიმართულებით.

პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობას, 4 წელიწადში 100-დან 300 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება, ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მმონაცემებით, 2012-2018 წლებში საქართველოში მხოლოდ 30-დან 40 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნა.

როგორც რადიო ჰერეთთან სხვადასხვა არასამთოვრობო ორგანიზაციები აცხადებენ, პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი არ ხარჯავს რესურსსა და დროს კვალიფიციური საარჩევნო პროგრამების შექმნაზე და ისინი კვლავ ერთმანეთის კომპრომატირების გზით ცდილობენ ქართველი ამომრჩეველის გულის მოგებას.

რამოდენიმე მათგანი კი, სულ რაღაც სამ დღეში, ხელში ქვეყნის მართვის სადავეებს კვლავ კონკრეტული სამოქმედო პროგრამის გარეშე ჩაიბარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button