პარტნიორი ქვეყნები უკრაინას საბრძოლო იარაღს გადასცემენ

აშშ-ის ხელისუფლება სამშაბათს, 9 მაისს, უკრაინას 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს შესთავაზებს, – ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, AP-ის თანახმად, მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემა Hawk-ს, საზენიტო საბრძოლო მასალას და უპილოტო თვითმფრინავებს საჰაერო თავდაცვისთვის. გარდა ამისა, შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის საარტილერიო სისტემებს, რაკეტებს და სხვა იარაღს, ასევე დააფინანსებს მათი ექსპლუატაციისა და სხვადასხვა იარაღის სათადარიგო ნაწილების ხარჯებს.
ამ პაკეტიდან თანხების ნაწილი გამიზნულია უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო საჭიროებების უზრუნველყოფისთვის, ის სისტემატურად დაიხარჯება მომდევნო თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში.აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების წინა პაკეტი ბოლოს 3 მაისს გამოუყო. სხვასთან ერთად, მასში შედიოდა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარ HIMARS-ის საბრძოლო მასალა და Hydra-70 კლასის მოკლე რადიუსზე მოქმედების უმართავი „ჰაერი-მიწის“ კლასის რაკეტები.
ახალი პაკეტის გამოყოფის გათვალისწინებით, აშშ-ს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან თითქმის 37 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
The Washington Post-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადასაცემად ემზადება.
გამოცემამ ბრიტანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
მედია უკრაინის საერთაშორისო ფონდის მიერ 2 მაისს გამოქვეყნებულ შესყიდვის შესახებ განცხადებას ეყრდნობა და წერს, რომ დოკუმენტში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ ითხოვა “ინტერესის გამოხატვა” 300 კილომეტრ მანძილზე დარტყმის საშუალებების უზრუნველყოფაზე.
ოფიციალურმა პირმა მედიასთან განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა, თუმცა ბრიტანეთის მიერ ამგვარი საბრძოლო მასალის მიწოდებაზე განცხადება მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
გავრცელებულია ინფორმაცია, რომ Storm Shadows შეიძლება დამონტაჟდეს საბჭოთა წარმოების უკრაინულ თვითმფრინავებზე. ასეთ რაკეტებს შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე მიაღწიონ, თუმცა კიევი დასავლეთს ჰპირდება, რომ დონორ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ დარტყმისთვის არ გამოიყენებს.
ამასთან, გამოცემა იტყობინება, რომ დიდმა ბრიტანეთმა, შესაძლოა, უკრაინას საკრუიზო რაკეტები Storm Shadow გადასცეს. უკრაინა დასავლეთს ჰპირდება, რომ მტრის თავდასხმების დროს დასავლელი პარტნიორების იარაღის გამოყენებისგან თავს შეიკავებს.
მანამდე, აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ATACMS-ისა და F-16 გამანადგურებლების გადაცემისკენ მოუწოდა.
Reuters-ის ცნობით, ნიდერლანდების მთავრობა უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას განიხილავს.
“ჩვენ აქტიურად განვიხილავთ [უკრაინისთვის] F-16 გამანადგურებლების გადაცემის საკითხს დანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროპის სხვა ქვეყნებთან და ასევე აშშ-თან.
უპირველეს ყოვლისა, ყველა პარტნიორს შორის შეთანხმება აუცილებელია, როგორც ეს იყო წარსულში, უკრაინისთვის ჰაუბიცების და Leopard-ის ტანკების მიწოდებამდე. დებატები გრძელდება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ ბრძოლაში”, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რიუტემ.
გუშინ, პოლონეთმა უკრაინას დამატებით 10 MiG-29 გამანადგურებელი გადასცა. პირველი ოთხი თვითმფრინავი კი პოლონეთმა უკრაინას აპრილის დასაწყისში გადასცა. ასევე ცნობილია, რომ სლოვაკეთი უკრაინას 13 MiG-29 გამანადგურებელს გადასცემს.