პატარა ფეხბურთელებს თავით დარტყმას უკრძალავენ

ბავშვებს ფეხბურთის თამაშის დროს თავური დარტყმის გამოყენება ეკრძალებათ – ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთის ფედერაცია ახალ რეგულაციებს აქვეყნებს.

გამოცემული გზამკვლევის მიხედვით, 10 წლამდე პატარებს საერთოდ უკრძალავენ თავით დარტყმაში ვარჯიშს და თამაშის დროს თავურ დარტყმას. 11-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებს კი შეზღუდვები უწესდება: თავით ბურთის დარტყმაში მათ მხოლოდ ვარჯიშის უფლება ექნებათ და ისიც ჯანდაცვის სპეციალისტების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. ქვეყნის ახალგაზრდული ეროვნული ნაკრები შიდა რეგულაციების დაცვით გააგრძელებს ფიფას და კოპა ამერიკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.

გზამკვლევი სავალდებულო ხდება ქვეყნის ახალგაზრდული ეროვნული ნაკრებისთვის და მოსამზადებელი აკადემიისთვის, რომლის ქუდის ქვეშ, 2014 წლის მონაცემებით, ამერიკაში მცხოვრები 3 მილიონზე მეტი ბავშვი ერთიანდება.

„ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შექმნილი ინიციატივა მიზნად ისახავს ტვინის შერყევის შესახებ ცნობადობის გაზრდას და ამ თემაზე მოზარდთა მწვრთნელების, მსაჯების, მშობლების და მოთამაშეების განათლებას“ – ნათქვამია ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში. ეს ცვლილება 15 თვე გაგრძელებულ სასამართლო დავას მოჰყვა და ბავშვებში, თუ მოზარდებში ფეხბურთის თამაშის დროს ტვინის შერყევის ფაქტების შემცირებისკენ არის მიმართული.

სასამართლო 2014 წლის აგვისტოში მას შემდეგ დაიწყო, რაც სან-ფრანცისკოს საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელებმა და მშობლებმა ფიფას და ამერიკის ფეხბურთის ფედერაციას უჩივლეს.

წყარო: ამერიკის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button