მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პატიმრობაში გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 1 მარტს მოსკოვში დაკრძალავენ

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სპიკერი, კირა იარმიში აცხადებს, რომ ნავალნის პირველ მარტს, მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მისივე თქმით, პანაშვიდი 14:00 საათზე, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გაიმართება. მან ხალხს მოუწოდა ადრე მივიდნენ.
„ალექსეის დაკრძალვა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 1-ელ მარტს 14:00 საათზე გაიმართება. ადრე მობრძანდით“, – განაცხადა კირა იარმიშმა.
ნავალნის თანაგუნდელებმა განაცხადეს, რომ ეკლესიის პოვნა, რომელიც მსახურებას ჩაატარებდა, ძალიან რთული იყო.
მანამდე იარმიში იუწყებოდა, რომ სარიტუალო სახლები უარს ამბობდნენ მომსახურების გაწევაზე, როდესაც იგებდნენ გარდაცვლილის ვინაობას.

ნავალნის გარდაცვალების შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბია.
მოგვიანებით, ნავალნის დედას შვილის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კოლონიის წარმომადგენლებმა “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელეს. თუმცა პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს. ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულიამ განაცხადა, რომ თავისი ქმრის საქმეს გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. პოლიტიკოსი 47 წლის იყო, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ. ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას პოლიტიკოსის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს 24 თებერვალს გადასცეს. რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლს ალექსეი ნავალნის დედაზე ზეწოლა არ მოუხდენია შვილის დაკრძალვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პესკოვის თქმით, ცხედრის გადაცემის გადაწყვეტილება პრეზიდენტ პუტინს არ მიუღია, რადგან “სახელმწიფოს მეთაური ამ საკითხებს არანაირად არ არეგულირებს.”

მანამდე რუსეთის ხელისუფლება უარს ამბობდა ცხედრის გადაცემაზე და აცხადებდა, რომ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედება.
19 თებერვალს ოპოზიციონერის დედა სალეხარდის მორგში მივიდა, სადაც მისი შვილის ცხედარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ის და არც ადვოკატი ადგილზე არ შეუშვეს. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ლიუდმილა ნავალნაიას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დათანხმებულიყო შვილის საიდუმლოდ, წყნარ დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნავალნის ცხედარს კოლონიაში დაკრძალავდნენ. საბოლოოდ, ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.

27 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ დამკრძალავ ბიუროებს ნავალნის დაკრძალვის ორგანიზება აუკრძალეს. როგორც იარმიში წერს, ამის შესახებ მას ერთ-ერთი ასეთი სააგენტოდან აცნობეს. მისივე ცნობით, რამდენიმე სააგენტომ განაცხადა, რომ შენობა დაკავებულია, ზოგიერთმა კი უარი თქვა კომუნიკაციაზე ნავალნის სახელის ხსენების შემდეგ.
შეგახსენებთ გასული წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეტაპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

N3 კოლონიაში, რომელსაც “პოლარულ მგელსაც” უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი. აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button