„პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხს „აუდიტის სამსახური“ შეისწავლის
ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების მონიტორინგს აგრძელებენ და შესაბამისად, სწავლობენ საგამოძიებო პლატფორმა „დოსიეში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციებსაც, სადაც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ რუსული წყაროებით დაფინანსების შესახებ იყო ლაპარაკი.
გუშინ, 31 აგვისტოს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების გამოძიების მოთხოვნაზე საქართველოს პროკურატურამ უარით უპასუხა. ხოშტარიამ საქართველოს პროკურატურას 25 აგვისტოს მიმართა, გუშინ კი ცნობილი გახდა საქართველოს პროკურატურის პასუხი – მათი განცხადებით აღნიშნულ საკითხზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს და უწყებამ საკითხი შესასწავლად აუდიტის სამსახურში გადაამისამართა.