პედაგოგი რომელსაც ბავშვზე ძალადობას ედავებოდნენ სასამართლომ გაამართლა
თელავის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ბავშვზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდნენ, თელავის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, სასამართლომ ასევე ბათილად მიიჩნია სკოლის დირექტორის ბრძანება, პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სკოლას მასწავლებლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.
” მადლობა ყველას, ვინც მამხნევებდა და სჯეროდა, რომ მე მოსწავლეზე არ მიძალადია და მსგავს რამეს არასოდეს ჩავიდენდი”- განაცხადა პედაგოგმა.
შეგახსენებთ, შემთხვევა თელავის პირველ საჯარო სკოლაში გასულ წელს მოხდა.
იმ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, საგაკვეთილო პროცესზე, მასწავლებელმა მოსწავლეს კლასის დატოვება მოსთხოვა და დაუმორჩილებლობის შემდეგ, ხელი ჰკრა.
დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, პედაგოგი სკოლიდანაც დაითხოვეს.
სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.