პენსილვანიაში ჩასული დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს მიმართავდა რა დროსაც დაჭრეს

პენსილვანიაში ჩასულ დონალდ ტრამპს თავს დაესხნენ – აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მის გამოსვლაზე შეკრებილ მხარდამჭერებს სცენიდან მიმართავდა, რა დროსაც მისი მიმართულებით გაისროლეს.
მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის, ის უსაფრთხო ადგილას იმყოფება. ასევე ცნობილია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცველებს ამ საზარელი ფაქტის პირველადი რეაგირებისთვის. ის თავს კარგად გრძნობს და შემოწმებას ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის. დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ”, – განაცხადა მისმა სპიკერმა.
პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, სნაიპერმა ესროლა. ექსპრეზიდენტს დაზიანება ყურის არეში აღენიშნება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს თავს დაესხა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.
მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ გასროლამდე მათ დაინახეს პირი, რომელიც ცეცხლსასროლი შაშხანით სახურავზე იჯდა.
ვიდეო კადრებში ჩანს, თუ როგორ ვარდება ძირს ტრამპი, შემდეგ კი დასისხლიანებული სახით დგება.
ამასთან შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ცნობით, მიტინგზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდაა. განცხადება უწყების კომუნიკაციების უფროსმა, ენტონი გულელმა გააკეთა:
ინციდენტი 13 ივლისს, საღამოს, პენსილვანიაში, ტრამპის გამოსვლაზე მოხდა. საიდუმლო სამსახურმა დამცავი ზომები გაატარა და ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოდ იმყოფება. ახლა ეს საიდუმლო სამსახურის აქტიური გამოძიების საკითხია და შემდგომი ინფორმაცია გამოქვეყნდება, როდესაც ხელმისაწვდომი იქნება, – განაცხადა მან.
“ძალადობა, რომელიც მიმართულია რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე ან პოლიტიკურ ლიდერზე, აბსოლუტურად მიუღებელია“, – ამის შესახებ კი X-ზე პენსილვანიის გუბერნატორმა, ჯოშ შაპირომ დაწერა.