მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პენცენტრი წულუკიანს მოუწოდებს გაიწვიოს მის მიერ დანიშნული ლიტერას ჟიურის წევრი

საქართველოს პენცენტრი ლიტერატურულ კონკურს ლიტერას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

“ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ წელს პირველად დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიის ჟიურიში თავისი წარმომადგენელი, მინისტრის მრჩეველი მიავლინა.
აქამდე „ლიტერას“ ჟიური ყოველწლიურად იცვლებოდა. ჟიურის წევრები იყვნენ მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, მთარგმნელები. მიუხედავად იმისა, რომ პრემიას სახელმწიფო აფინანსებდა, დღემდე არავინ ერეოდა „ლიტერას“ საქმიანობაში. პრემია თავისუფალი იყო პოლიტიკური კონიუნქტურისაგან.

ახლა ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. წულუკიანმა კულტურული ჟანდარმერიის შემოყვანა გადაწყვიტა და მოინდომა კულტურაზე კონტროლის ყველაზე ბნელი ტოტალიტარული ტრადიციების აღდგენა.
მიგვაჩნია, რომ მინისტრის მსგავსი თავხედური ჩარევა ლიტერატურულ პროცესში მწერლებისთვის და ჟიურის წევრებისთვის შეურაცხმყოფელია. მწერლებიც და ჟიურიც თავისუფალნი უნდა იყვნენ ყოველგვარი პოლიტიკური კონტროლის მცდელობისაგანაც კი. ამ პრემიის რეპუტაციას განსაზღვრავენ მასში მონაწილე მწერლები და გადაწყვეტილების მიღების თავისუფალი, დემოკრატიული პროცესი: გადაწყვეტილებას იღებენ აღიარებული პროფესიონალები და არა პარტიული ერთგულების ნიშნით შერჩეული დილეტანტი ჩინოსნები. მადლობას ვუხდით იმ მწერლებს და ჟიურის წევრებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უკვე დატოვეს „ლიტერა”. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია გაიზრდება.

მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს მის მიერ დანიშნული “ლიტერას” ჟიურის წევრი, შეწყვიტოს მისთვის სრულიად უცხო სფეროში ცენზურის დაწესების მცდელობა და მწერლების პარტმუშაკებად ქცევაზე ოცნება. ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, გამომცემლები, ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ამ საკითხში ერთიანნი ვართ და ვიქნებით. ჩვენ არ დავუშვებთ ქართულ მწერლობაზე პარტიული კონტროლის დაწესებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ლიტერას პრემია 2015 წლიდან არსებობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ წელს პირველად ლიტერატურული პრემია ლიტერას ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო ერთი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებისა და მინისტრ თეა წულუკიანის გამო მწერლების ნაწილმა საკუთარი წიგნი კონკურსიდან მოხსნა.

კონკურსანტების შემდეგ პროტესტის ნიშნად კონკურსი ჟიურის სამმა წევრმაც დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button