ფალიაშვილის 41 ნომერთან მტაცებელს ეძებდნენ

სამართალდამცავები და მთავრობის საგანგებო შტაბების წარმომადგენლები უშედეგოდ ეძებდნენ თბილისში, ფალიაშვილის 41 ნომერთან მტაცებელს.

მათი განცხადებით, ცრუ განგაშია, თითქოს იქ ვეფხვი დაინახეს, თუმცა თვითმხილველები, რომლებმაც საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტში 112-ის ცხელ ხაზზეც დარეკეს, აცხადებდნენ რომ ნამდვილად ვეფხვი დაინახეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მტაცებელს კომპანია”Body Care”-ის ეზოში ( ფალიაშვილის 41) ეძებენ, სადაც მტაცებელი ცოტა ხნის წინ შენიშნეს.

ამ წუთებისთვის, მოძრაობა ნაწილობრივ გაიხსნა ფალიაშვილზე და მის მიმდებარე ქუჩებზე სადაც დაახლოებით 40 წუთი გადაკეტილი იყო ეს ტერიტორია. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ გამოძახება “ცრუ განგაში იყო”.

ცოტა ხნის წინ, კი დღევანდელ განვითარებულ მოვლენებზე, სადაც ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე  40 წლამდე მამაკაცი მტაცებელმა დაგლიჯა და გარდაიცვალა, ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღო.

დღეს ბოდიში გაავრცელა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

როგორც ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  16 ივნისს საღამოს მონაცემებით საფრთხე აღარ არსებობდა.

“ყველა ინფორმაციით, რაც გუშინ საღამოს გვქონდა, ეს საფრთხე აღარ არსებობდა. ამის მიუხედვად შსს პატრულირებდა ტერიტორიებზე, მაგრამ შიგნით შენობებში ძებნა არ ხორციელდებოდა. ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია, ჩემი შეტყობინების შემდეგ ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია”, – განაცხადა გურიელიძემ.

მისივე თქმით, ეძებენ კიდევ ერთ პატარა ვეფხვს და აფთარს. “აფთარი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის და გაურკვეველია სად იმყოფება პატარა ვეფხვი და აფთარი”, – განაცხადა გურიელიძემ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button