მნიშვნელოვანისიახლეები

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა

ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკენაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, თუმცა მათი ეს პოზიცია გაზიარებული არ იქნა.

საქართველოში ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 173 ადამიანი ცხოვრობს, მათგან ყველაზე ასაკოვანი 103 წლისაა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.

უწყების ცნობით, შესაბამის განკარგულებას პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნებოდა, თუმცა ადგილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის მერია ვეტერანებს შეკრებას კიკვიძის პარკში სთავაზობს. დედაქალაქის მერიის მიერ ტრადიციული შეკრების კიკვიძის პარკში გადატანის მიუხედავად, ცალკეული მოქალაქეები დღეს დილიდან ვაკის პარკში მაინც მიდიან.

რაც შეეხება კიკვიძის პარკს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, დილიდან სწორედ იქ გეგმავენ მისვლას.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის დასრულებას, “ფაშიზმზე გამარჯვების” დღეს აღნიშნავენ. ევროპა ნაციზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. რუსეთი და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის დასრულებას 9 მაისს აღნიშნავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button