მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის სამხედრო ძალების აქტივობა შეინიშნება სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 9 მაისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების ყველაზე დიდი აქტივობა შეინიშნება სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებით და ამასთან, შენარჩუნებულია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების მაღალი ალბათობა.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მიმართულებით თავმოყრილია რუსეთის პირველი სატანკო არმიის, დასავლეთის და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქების და საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები. უკრაინის არმიის სარდლობა აქტიურ შეტევას სწორედ იზიუმის და დონეცკის მიმართულებებით ელოდება.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში, რუსეთის მიერ დროებით დაპყრობილ ტერიტორიებზე არის შემთხვევები, როცა ადგილობრივ მოსახლეობას პირად დოკუმენტებს ართმევენ და მათი დაბრუნების პირობა 9 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობაა. უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, გამარჯვების დღის აღსანიშნავად აღლუმებისთვის აქტიური მზადებაა ოკუპირებულ ყირიმში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მოქალაქეებს მიულოცა 9 მაისი – ნაციზმზე გამარჯვების დღე და განაცხადა, რომ ამ გამარჯვების ანექსირების და მითვისების უფლებას არავის მისცემენ. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკი გადაღებულია კიევის დაცარიელებულ მთავარ ქუჩაზე, ხრეშჩატიკზე.

„ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, ესე იგი, გავიმარჯვებთ. არასდროს დავივიწყებთ, რა გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც 8 მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. მალე უკრაინაში იქნება ორი გამარჯვების დღე და ვიღაცას არ დარჩება არც ერთი“, –

ამბობს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, გაიმარჯვეს მაშინაც, გაიმარჯვებენ ახლაც და ხრეშჩატიკი ნახავს უკრაინის გამარჯვება-გამარჯვების აღლუმს.

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

“უკვდავი პოლკი”- ამ სახელწოდებით ოკუპანტები მელიტოპოლსა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ სხვა ქალაქებში აქციას აანონსებენ. ამის შესახებ ცნობებს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ახლა ოკუპანტები რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენობებიდან უკრაინულ სიმბოლოებს ხსნიან.

“სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციამ უკვე გააფრთხილა მელიტოპოლის ყველა მცხოვრები, რომ ამ დღეს აკრძალულია მანქანების მოძრაობა ქალაქის ცენტრში. ღონისძიებას დაესწრება როსგარდი და სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის წარმომადგენლები”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქცია “უკვდავი პოლკი” ზაპოროჟიეს რეგიონის თითქმის ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიმართება.

შეგახსენებთ რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

დღეს რუსეთი აღნიშნავს “დიდ სამამულო ომში” გამარჯვების 77-ე წლისთავს. მოსკოვში, წითელ მოედანზე გაიმართება აღლუმი, რომელშიც, კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებს 11 ათასი სამხედრო. წითელ მოედანზე სიტყვით გამოვა პრეზიდენტი პუტინი.

მსგავსი პოსტები

Back to top button