მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი წითელ მოედანზე მასშტაბურ სამხედრო აღლუმს უკრაინის წინააღმდეგ ომის პერიოდში ატარებს

მოსკოვის წითელ მოედანზე დაიწყო „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი. მას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესწრება მთავრობის და შეარაღებული ძალების მაღალჩინოსნებთან ერთად.

აღლუმისთვის მზადყოფნის პატაკი ჩაიბარა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომელმაც თავის მხრივ, პრეზიდენტ პუტინს აცნობა, რომ სამხედრო ძალები აღლუმისთვის მოწყობილია. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობს 11 ათასამდე სამხედრო. მათ რუსეთის ფედერაციის დროშებთან ერთად, თან აქვთ ყოფილი საბჭოთა კავშირის დროშებიც.

მოსკოვის წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმის საჰაერო ღონისძიება გაუქმდა – კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი მიზეზად ამინდის გაუარესებას ასახელებს.

„საჰაერო ნაწილი ამინდის გამო არ გაიმართება“, – თქვა პესკოვმა.

გამარჯვების დღის წინ რუსეთის საჰაერო ძალები წითელ მოედანზე რეპეტიციებით იყვნენ დაკავებულნი, მათ შორის ჰაერში Z უნდა გამოსახულიყო, რაც უკვე იქცა უკრაინაში რუსების სამხედრო შეჭრის სიმბოლოდ.

რუსეთი წითელ მოედანზე მასშტაბურ სამხედრო აღლუმს ატარებს უკრაინის წინააღმდეგ ომის პერიოდში.

წითელ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ დასავლეთი გეგმავდა რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას. მისივე თქმით, დასავლეთს არ სურდა რუსეთის მოსმენა და სხვა გეგმები ჰქონდა – “დასავლეთი ემზადებოდა ჩვენს მიწაზე, მათ შორის ყირიმში შეჭრისთვის” – თქვა პუტინმა.

ცნობისთვის დღეს “ნატოს” გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან დასავლეთი და ალიანსი მორიგ ბრალდებებს ელის, რადგან რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად იყენებდა 9 მაისის გამოსვლას დასავლეთის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად და ნატოს გასაკრიტიკებლად:

პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button