მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე სცენაზე ასულ კობახიძეს შეძახილებით დახვდნენ

კობახიძემ სცენაზე ასვლისთანავე მიკროფონი პრეზიდენტს გადასცა

თავისუფლების მოედანზე, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სცენაზე გამოჩენას იქ შეკრებილი აუდიტორიის მხრიდან ნეგატიური შეძახილები მოჰყვა.

პრემიერ-მინისტრმა სცენაზე ასვლისას მადლობა გადაუხადა ნაკრებს და მათი ღირსების ორდენით დაჯილდოვებამდე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარადგინა რომელსაც ტაშით შეხვდნენ.

“გილოცავთ ყველას, გილოცავთ უდიდეს წარმატებას, უდიდეს სიხარულს, რომელსაც ევროპაში უწოდეს ქართული სასწაული. ვიდრე ჩემს სათქმელს ვიტყვი, მინდა, ვთხოვო სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც სურს ბიწების დაჯილდოვება ღირსების ორდენებით”, – თქვა კობახიძემ შეძახილების ფონზე და მიკროფონი მაშინვე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გადასცა, რომელსაც ტაშით შეხვდნენ.

“სასწაულია დღევანდელი დღე. მე ასეთი საქართველო მინდა. გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდირობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, მიაღწიეს მიუღწეველს. მათ ძალიან დიდი მადლობა, თქვენ ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის”, – თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, რის შემდეგაც მან ნაკრების წევრებსა და სამწვრთნელო შტაბს ღირსების ორდენი გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტი სახალხო ზეიმს შეუერთდა და ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წევრებს ღირსების ორდენები გადასცა

ღირსეულ ბიჭებს გადაეცათ ღირსების ორდენები, ვულოცავ თითოეულ მათგანს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრების დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართული ფეხბურთის მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება და 2 წელიწადში სუპერთანამედროვე სტადიონი აშენდება.

„მხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მიმართ აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი, სასწაული მატჩები, სავსე ტრიბუნებით. რამდენიმე წელიწადში, ორიოდე წელიწადში, ეს ბიჭები ითამაშებენ ახალ, სუპერთანამედროვე სტადიონზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. მათ ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს. გულშემატკივრების ნაწილი ნაკრების წევრებს გზად, სიმღერითა და შეძახილებით ეგებებოდა. ზოგიერთ მათგანს საქართველოს დროშები ეჭირა და ეროვნული ნაკრების მაისური ეცვათ.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თბილისში დღეს დილით დაბრუნდნენ. 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრებმა მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით წავიდა. გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყო.

EURO 2024-ზე საქართველო ჯგუფურ ეტაპზე თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შეხვდა. ეროვნული ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა, ჩეხეთთან მატჩი ფრედ დასრულდა, პორტუგალია კი 2:0 დაამარცხა, რითაც საქართველო მერვედფინალში გავიდა.

30 ივნისს საქართველო მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი ანგარიშით 4:1 დასრულდა. ესპანეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩემპიონატს გამოეთიშა.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან

მსგავსი პოსტები

Back to top button