ფიფამ იოზეფ ბლატერის დაკითხვის შესაძლებლობაზე ამერიკელებს უარი უთხრა
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ არ დააკმაყოფილა ამერიკელი სენატორის ჯერი მორანის მოთხოვნა, ფიფას ამჟამინდელი ხელმძღვანელის იოზეფ ბლატერის დაკითხვაზე, კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით.
“სენატორ მორანის ადმინისტრაცია დაინტერესდა, შეიძლებოდა თუ არა ბატონი ბლატერისგან, როგორც მოწმისგან, ჩვენების მიღება და მიმართა ფიფას, მაგრამ უარი მიიღო”, – განაცხადა სენატორის პრესმდივანმა გარეთ ტერნერმა.
შეგახსენებთ, რომ 79 წლის ბლატერი 29 მაისს გამართულ ფიფას კონგრესზე პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით აირჩიეს. თუმცა ოთხი დღის შემდეგ, კორუფციული სკანდალის გამო, იგი იძულებული გახდა, გადადგომის შესახებ გამოეცხადებინა.
ხელახალ არჩევნებამდე, რომლის თარიღი 20 ივლისს გამოცხადდება, ბლატერი ფიფას ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს.