მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ფოთის მერი და ჰაერის დამაბინძურებელი კომპანიები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების პრობლემაზე კვლევას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მოქალაქეებს დაბინძურებულ გარემოში და სატვირთო ავტომანქანების ხმაურში წლების განმავლობაში უწევს ცხოვრება.

ორგანიზაციის შეფასებით, ჯავახიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი გარემო არ არის უსაფრთხო, რასაც ადასტურებს როგორც ფოთის მერიის, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაარკვია, რომ ხმაურისა და მტვრის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა საწარმოს საქმიანობაა. მათ შორისაა ფოთის მერ გოჩა კურდღელიასთან და „ქართული ოცნებიდან“ ფოთის საკრებულოს წევრ აპალონ ბჟალავასთან დაკავშირებული კომპანიები. ეს გარემოება კი, შესაძლოა, პრობლემის გადაჭრის შემაფერხებელი ფაქტორი იყოს.

კვლევაში დეტალური ინფორმაცია მოცემული კომპანიების მფლობელებზე, მათ წილებზე და კავშირებზე ფოთის მერთან.

„აღსანიშნავია, რომ დასახლების მიმდებარედ არსებულ ე.წ. საწარმოო ზონაში არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების ნაწილი შპს „პეის ტერმინალისა” და შპს “ფოთის გემთსაშენის” საკუთრებაშია.

ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ასევე, ფლობს შპს „Caucasian Metals Terminal”-ის 15% წილს. კომპანია 2013 წლიდან მუშაობს. საწარმო ქალაქ ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს და მისი ძირითადი საქმიანობა პოლიმეტალის კონცენტრატების გადამუშავებაა. ჯავახიშვილს ქუჩის მცხოვრებთა ინფორმაციით, ეს გადამუშავებული ტვირთი სწორედ მათი დასახლების გავლით გადააქვთ, ტვირთის გადაზიდვისას გაფანტული მტვერი კი, ჰაერს აბინძურებს. ხმაურისა და დაბინძურების გასაპროტესტებლად, ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია რამდენჯერმე გამართეს“. – აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, კვლევაში მოცემულია ცხრილი, რომლის თანახმადაც გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ცალკეული კომპანიების დირექტორები და წილების მფლობელები, ასევე ფოთი მერი გოჩა კურდღელიაც, პარტიების შემომწირველებიც არიან.

ცხრილში მითითებულ პირებს ჯამში 853,050 ლარი აქვთ შეწირული, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ ცხრილში ჩამოთვლილ პირებს ყველაზე დიდი ოდენობით თანხა (360 000 ლარი) 2017 წელს, ერთთვიან მონაკვეთში – 26 ივლისიდან 24 აგვისტომდე პერიოდში აქვთ შეწირული. თანხის მიმღები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა”. 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფოთში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ გაიმარჯვა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფოთის მერიამ დაადასტურა დევნილთა მიერ ჩამოთვლილი პრობლემების არსებობა. მათი აზრით, ხმაურს იწვევს ის გარემოება, რომ პორტთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მჭიდროდ დასახლებულ კვარტლებს შორის. პორტის ტვირთბრუნვის ზრდამ კი, თავის მხრივ, სატვირთო ავტომობილების გადაადგილების ინტენსივობაც გაზარდა. მერიის ინფორმაციით, ხმაურის დონე გარკვეულ უბნებში დასაშვებ მაქსიმალურ დონეს – 60 დეციბელს ბევრად აღემატება (ცალკეულ შემთხვევებში 94-97 დცბ-ს და 101-103 დცბ-ს აღწევს).

ფოთის მერიამ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აცნობა, რომ უწყებამ, პრობლემის გადაჭრის შუამდგომლობით, შესაბამის სამინისტროებს არაერთხელ მიმართა, მათ შორის, ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში მტვრისა და ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით.

გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტმა კი, ორგანიზაციას მიწერა, რომ გამოვლინდა ცალკეული დარღვევები, მათ შორის, ნარჩენების ტრანსპორტირებისას; დაბინძურებული წყლის ჩაშვება ზედაპირული წყლის ობიექტებში; ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის აღურიცხაობა და ა.შ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი, ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში, ბინის აივანზე გაზომეს ჰაერში მტვრის ნაწილაკების, ნახშირბადის მონოქსიდის, აზოტის დიოქსიდისა და მეტალების შემცველობა. კვლევამ დაადგინა, რომ მტვრის კონცენტრაცია შესაბამის ნორმას ყველა სინჯში აღემატებოდა. ცალკეულ სინჯებში კი, დასაშვებ ნორმას აღემატებოდა მანგანუმის დიოქსიდის შემცველობაც.

„საერთაშირისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციაა, ფოთში, რამდენიმე ადგილას, მათ შორის სამეწარმეო ზონაში, დამონტაჟდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სხვა შესაბამისმა უწყებებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ ყველა საწარმოს საქმიანობა და დაადგინონ, კონკრეტულად რა ღონისძიებებია საჭირო გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და ხმაურის შესამცირებლად;

ზემოთ მოყვანილ გარემობათა გამო, უნდა დაკმაყოფილდეს ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილთა მოთხოვნები და გამოეყოს მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები.

ფოტო: “ლაივპრესი”

მსგავსი პოსტები

Back to top button