მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ფრონტზე ყოველდღიურად 60-დან 100-მდე უკრაინელი სამხედრო იღუპება

ომის 98-ე დღე უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტზე ყოველდღიურად 60-დან 100-მდე უკრაინელი სამხედრო იღუპება. ამის შესახებ პრეზიდენტმა Newsmax-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ყოველდღიურად დაჭრილთა რიცხვი კი დაახლოებით 500-ს აღწევს.

„სიტუაცია ძალიან მძიმეა, დღეში 60-100 ჯარისკაცი იღუპება ბრძოლებში და დაახლოებით 500 შეტაკებებისას იჭრება. ასე ვინარჩუნებთ თავდაცვას“ – განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ყველაზე მძიმე სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებშია.

უკრაინაში ომის პერიოდში დაღუპული უკრაინელი სამხედროების ოფიციალური რიცხვი უცნობია. 12 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 16 დღეში 1 300 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

ამასთან თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ახალი დახმარება უკრაინის საჭიროებებს შეესაბამება. ასევე, თეთრი სახლის შეფასებით, 80 კილომეტრამდე რადიუსის მქონე სისტემები, სწორედ ის არის, რაც ქვეყანას ბრძოლის ამ ახალ ფაზაში სჭირდება.

„ჩვენ შევეცადეთ, მიგვეცა უკრაინისთვის ზუსტად ის, რაც ჩვენი აზრით, მათ რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად სჭირდებათ. ამან იმუშავა პირველ დღეებში, როდესაც უკრაინელებმა შეძლეს კიევისთვის ბრძოლის მოგება და რუსებს დედაქალაქიდან უკან დახევა აიძულეს, ახლა კონფლიქტი სხვა ფაზაში გადავიდა ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ, ჯონ ფინერმა.

​მისი თქმით, ახალი შეიარაღება გააფართოებს უკრაინის შესაძლებლობებს და შეეძლებათ, ზუსტი დარტყმა მიაყენონ ბრძოლის ველზე რუსულ სამიზნეებს.

როგორც ცნობილი გახდა, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ამერიკულ „ჰაიმარსის“ ტიპის საარტილერიო სარაკეტო სისტემას გაუგზავნის, აღჭურვილი საბრძოლო მასალებით, რომელსაც რაკეტის გაშვება 80 კმ დისტანციაზე შეუძლია. ეს უკრაინის მიერ მოთხოვნილ 300 კილომეტრის დაფარვის უნარის მქონე სისტემებზე, გაცილებით ნაკლებია, თუმცა როგორც „სიენენი“ წერს, „ჰაიმარსი“ ყველაზე შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებაა, რაც უკრაინას აქამდე მიუღია.

ჯონ ფინერი ასევე გამოეხმაურა კრემლის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება.

„რუსეთმა ეს საკუთარი ტერიტორიიდან სუვერენულ ქვეყანაში შეჭრით მიიღო. ასე რომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ განვაცხადეთ, რის გაკეთებას ვაპირებდით. ეს ამ დრომდე ეფექტური აღმოჩნდა უკრაინისთვის და ასე გავაგრძელებთ“ – განაცხადა ფინერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button