ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა ურეცეპტოდ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად განხორციელებული, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, ზუგდიდში მდებარე, შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ-ერთი აფთიაქიდან მოქალაქეებზე სისტემატიურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია.
დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით. დანაშაული, სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით, 3-დან 5 წლამდე.