მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კამათი აჭარის უმაღლეს საბჭოში

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური იყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სიტყვით გამოსვლისას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეს ტრიბუნასთან მიუახლოვდა და განმარტებას ითხოვდა.

როგორც ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, დავით გაბაიძის ბრძანებით, მოქალაქეებს სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრებილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ელგუჯა ბაგრატიონს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მოუწოდებდა, სხდომა დაეტოვებინა, თუმცა მან სხდომათა დარბაზი არ დატოვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

“აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მოვიდნენ მოქალაქეები და თქვენ არ უშვებთ, მათთვის არ გცალიათ, რადგან ქვისლებისა და სხვა ნათესავების დასაქმებით ხართ დაკავებული. მოვითხოვ, რომ შემოუშვათ მოქალაქეები და მათ მოუსმინოთ. მე არ მაშინებს თქვენი შენიშვნები და ჯარიმები, აქ მოქალაქეების ხმა უნდა ისმოდეს.” – განაცხადა სხდომაზე ელგუჯა ბაგრატიონმა.

თავის მხრივ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ განმარტა, რომ სხდომათა დარბაზში მოქალაქეებს ვერ დაუშვებენ, რადგან შესაბამისი ადგილი არ არის. მისივე განმარტებით, ეს ოპოზიციის მიერ დადგმული შოუა.

მოისმინეთ სხდომაზე მიმდინარე კამათის ამსახველი ხმები.

ცნობისთვის, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უსმენენ. თორნიკე რიჟვაძე შესრულებული და დაგემილი პროექტების შესახებ დეპუტატებს ანგარიშს ჩააბარებს.

საბოლოოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს და ისინი თორნიკე რიჟვაძის სიტყვით გამოსვლას აღარ ესწრებიან.

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კი, გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. მოქალაქეებმა შენობასთან გასაყიდი ტანსაცმელი მიიტანეს.

ისინი 23-ე სკოლასთან გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ. ამბობენ, რომ მსგავს ვითარებაში მხოლოდ 10 გარემოვაჭრეა.

სხვები მერიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდნენ და სამუშაოდ, ავტოსადგურთან არსებულ სავაჭრო ობიექტებში გადავიდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ ისინი ნებართვის გარეშე დაიწყებენ ვაჭრობას, მერიის ინსპექტირების სამსახური დააჯარიმებს.

ფოტოები: აჭარის ტელევიზია

 

მსგავსი პოსტები

Back to top button