პირი, რომელსაც კოვიდ-19 კვლავ დაუდგინდა, გადამდები არ არის
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, პაციენტი, რომელსაც ახალი კორონავირუსი საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კარანტინის სივრცეში კვლავ გამოუვლინდა, გადამდები არ არის და ინფექციის წყაროს არ წარმოადგენს. ექიმის თანახმად, აქ საუბარი არ შეიძლება იყოს რეინფექცირებაზე ან სუპერინფექცირებაზე და მასთან გამოჯანმრთელების შემდეგ მიღებული დადებითი პასუხი არ ნიშნავს იმას, რომ იგი დაავადებულია:
„ეს არის არაცოცხალი ვირუსის ნარჩენები, რომლის დეტექციას აწარმოებს ეს ჩვენი მაღალტექნოლოგიური კვლევა, იჭერს ასე ვთქვათ ამ ნარჩენებს, მაგრამ ეს ნარჩენები არ არის სიცოცხლისუნარიანი ანუ ინფექციურობის უნარი არა აქვს. ეს ნიშნავს, რომ გადამდებლობა ამ პირიდან სხვა პირზე არ ხდება და ეს პირი არ წარმოადგენს ინფექციის წყაროს. არც გართულებაა მოსალოდნელი“. – უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან განკურნებულ 3 პირს ტესტირების შემდეგ COVID-19 კვლავ დაუდასტურდა.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო რიცხვი 721-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 485-ია. გარდაცვლილია 12 ადამიანი.