რეგიონისაქართველოსიახლეები

პირველი მეგრულენოვანი ჟურნალი „სქანი“ უკვე იყიდება

„მარგალურ ნინაშ ასოციაციამ“ [მეგრული ენის ასოციაციამ] პირველი მეგრულენოვანი ჟურნალი „სქანი“ უკვე გამოსცა და ის გაყიდვაშია. ამის შესახებ ასოციაცია ინფორმაციას თავად აქვეყნებს.

ჟურნალი ამ ეტაპზე თბილისში იყიდება, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამეგრელოში არსებულ საცალო გაყიდვის ობიექტებთან და დამფუძნებლები ირწმუნებიან, რომ ძალიან მალე „სქანი“ აქაც გამოჩნდება დახლებზე. თბილისში მცხოვრებთ კი, შეუძლიათ, ჟურნალი შეიძინონ მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“. ასევე, გამოწერა და ონლაინ მიწოდებაც შესაძლებელია.

„კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას და ველით თქვენს გამოხმაურებას. იმედი გვაქვს, რომ მოგეწონებათ ჩვენი ჟურნალი!“ – მიმართავენ დამფუძნებლები მკითხველებს.

სიტყვა „სქანი“ ქართულად ითარგმნება, როგორც “შენი”. მკითხველი ჟურნალში მეგრულ ენაზე გაეცნობა ისტორიის, სამეცნიერო თუ კულტურის თემებზე მომზადებულ სტატიებს. ასევე, მსოფლიო ლიტერატურის ცნობილი ნაწარმოებების თარგმანებს. ჟურნალს „მარგალურ ნინაშ ასოციაცია“ გამოსცემს, რომლის დამფუძნებლებიც გივი ქარჩავა და გიგა ქავთარაძე არიან.

„სქანი“ მარტის თვეში უნდა გამოსულიყო, თუმცა COVID-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების გამო, შეფერხდა. ჟურნალის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გივი ქარჩავამ ჟურნალის შესახებ,  „ლაივპრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა. აღნიშნა, რომ პირველ ნომერზე დაახლოებით, 20-კაციანმა ჯგუფმა იმუშავა. გივი ქარჩავამ ინტერვიუში განაცხადა, რომ წლებია, ასეთი ჟურნალის გამოცემის სურვილი აქვს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო მუშაობის დაწყება, მხოლოდ ბოლო ერთი წელია, მეგობრებთან ერთად შეძლო.

დამფუძნებლების მიზანი მეგრულ ენაზე ზრუნვა და მისი გადარჩენაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button