მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დრონებით დაბომბვის შედეგად 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა-რუსეთი მზადაა დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას

რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად დუნაის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ კუბრაკოვი ტელეგრამარხზე წერს, რუსეთის თავდასხმის შედეგად იზმაილის პორტის საექსპორტო პოტენციალი 15%-ით შემცირდა.

„რუსეთი სისტემატურად ურტყამს ხორბლისა და სხვა მარცვლეულის საცავებს, რათა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი შეაჩეროს“, – განაცხადა კუბრაკოვმა.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა დრონებით თავდასხმა გუშინ ღამით განახორციელეს და ის სამი საათის განმავლობაში გრძლდებოდა. ამასთან, უკრაინული მხარე იუწყება, რომ 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მომხდართან დაკავშირებით რუსეთს კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის ოლქზე კამიკაძე დრონებით იერიში მიიტანეს. დარტყმა განხორციელდა მარცვლეულის საცავებზე
ამას გარდა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დილით ხერსონზე ავიადარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა საბავშვო ბაღში, არიან დაშავებულები.
ხერსონის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის, რომან მროჩკოს ცნობით, დაზიანებები ექვსმა ადამიანმა მიიღო.

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ რომნის ერთ-ერთ სკოლაზე რუსული დრონით დარტყმის შედეგად. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ორივე დაღუპული პედაგოგი იყო. მაშველები შენობის ნანგრევებში მოყოლილი კიდევ 2 ადამიანის ძებნას განაგრძობენ.

რუსეთმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაახშირა მას შემდეგ, რაც 18 ივლისიდან დატოვა „მარცვლეულის შეთანხმება”. გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას, თუ დასავლეთი შეასრულებს რუსეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ბრიკსის“ სამიტის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.

კერძოდ, პუტინი კვლავაც მოითხოვს, რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტზე დაწესებული სანქციები მოიხსნას. ამასთან ერთად, პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს აქვს შესაძლებელობა, სრულად ჩაანაცვლოს უკრაინული მარცვლეული როგორც კომერციული მყიდველებისთვის, ისე იმ ქვეყნებისთვის, ვინც ამ პროდუქტს ჰუმანიტარული დანიშნულებით იღებს.

„რუსეთს განზრახ უქმნიან დაბრკოლებებს მარცვლეულისა და სასუქის საზღვარგარეთ ექსპორტში და ამასთან, თვალთმაქცურად გვაბრალებენ მსოფლიო ბაზარზე კრიზისის შექმნას. ეს ნათლად გამოჩნდა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების რეალიზაციის დროს. ეს შეთანხმება გაერო-ს გენერალური მდივნის მონაწილეობით გაფორმდა და თავდაპირველად მიმართული იყო გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ, შიმშილის შემცირებისა და ღარიბი ქვეყნების დახმარებისკენ. ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი იმ ფაქტს, რომ ამ შეთანხმების მოქმედების პერიოდში, ერთი წლის განმავლობაში უკრაინიდან 32,8 მილიონი ტონა ტვირთის ექსპორტი განხორციელდა. ამ ტვირთის 70 პროცენტი საშუალო და მაღალი შემოსავლების ქვეყნებში წავიდა, მათ შორის ევროკავშირშიც, და მხოლოდ 3 პროცენტი ჩავიდა ღარიბ ქვეყნებში, ანუ ერთ მილიონ ტონაზე ნაკლები. არ შესრულებულა ამ შეთანხმების არცერთი პირობა, რომელიც ეხებოდა რუსული მარცვლეულისა და სასუქის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტზე დაწესებული სანქციების მოხსნას. რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულებები, უბრალოდ, იგნორებული იყო“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთმა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება 18 ივლისს დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button