პოლიციამ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირზე ეკრანის დადგმის საშუალება არ მისცა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

ოლიგარქის პოლიციამ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირზე ეკრანის დადგმის საშუალება არ მისცა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სატვირთო მანქანის მძღოლს პოლიციელები დაემუქრნენ, რომ თუ ტერიტორიას არ დატოვებდა, ავტომობილს ჩამოართმევდნენ.
“მოგონილი მიზეზების გამო, მატჩამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, პოლიციამ არ დაგვადგმევინა ეკრანი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ე.წ. პოლიცია დაემუქრა სატვირთო მანქანის მძღოლს, რომ თუ ტერიტორიას არ დატოვებდა მას ავტომობილს ჩამოართმევდნენ.
დროის სიმცირის გამო, ამჟამად ტექნიკურად შეუძლებელია პრობლემის გადაწყვეტა.
გვინდა ვუთხრათ შსს-ს, რომ აღარასოდეს მივცემთ შესაძლებლობას მოგონილი მიზეზებით გაწელონ საპროტესტო კონსტრუქციის აწყობა და ამ გზით უკანონოდ არ მოგვცენ რუსთაველის გამზირზე, ან ნებისმიერ სხვა ადგილას საპროტესტო ინფრასტრუქტურის განთავსების შესაძლებლობა.
ბოდიშს ვუხდით იმ მომიტინგეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ეკრანს ელოდებოდნენ.” ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “დროა” ავრცელებს.
იმისთვის, რომ აქციის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშისთვის ეყურებინათ, პროდასავლურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე დღეს ეკრანის დადგმის გადაწყვეტილება მიიღეს.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან დემონსტრანტებმა უწყვეტი პროტესტის 113-ე დღეს, უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები.
ადგილზე დემონსტრანტებს მოტანილი აქვთ ხმის გამაძლიერებელი და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერ ჰიმნს აჟღერებენ. “ეროვნულ ნაკრებს გაუმარჯოს” – სკანდირებენ ისინი.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, საიდანაც მოგვიანებით, აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადმოინაცვლებენ და რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას შეუერთდებიან.