პოლიციას მტაცებლის ადგილზე “დინამიკი”დახვდა
სამართალდამცავებს, რომლებიც დღეს თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე კვლავ გაეშურნნენ, მტაცებლის მაგივრად აუდიო “დინამიკები” დახვდათ, საიდანაც არასრულწლოვნები უბნელებს მტაცებლის ხმებს ასმენინებდნენ.
“ახლა მოხდა ასეთი შემთხვევა, შემოვიდა შეტყობინება ფალიაშვილის ქუჩიდან რომ ვეფხვის ხმა გაიგონეს, გავიდა ადგილზე პატრული და რა აღმოჩნდა?! არასრულწოვნებმა ვეფხვის ხმა ჩაიწერეს ტელეფონში და ამ ხმას ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ! რა დავარქვა ამ საქციელს არ ვიცი- წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.
როგორც გიორგობიანი წერს, მოზარდები მშობლებთან ერთად პოლიციაში დაიბარეს.
“მთელი დღის განმავლობაში ბევრი ცრუ შეტყობინება შემოდის, მაგარამ ეს უკვე არაფერში არ ჯდება! იმედს ვიტოვებ მსგავსი ხუმრობის ხასიათზე სხვები არ დადგებიან” – წერს გიორგობიანი.
ამ დრომდე კვლავ უშედეგოდ მიდის კიდევ ერთი გამოძახების ოპერაცია წყნეთში სადაც დაახლოებით 2 საათია მთელი წყნეთის მასშტაბით პოლიციის ეკიპაჟები პატრულირებენ. ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე პირმა ვეფხვის ხმა გაიგო და 112-ში დარეკა. სპეცრაზმელები სამძებრო სამუშაოებს სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე ატარებენ.