პორტუგალიელებმა თბილისში ვიზიტის მიზეზი ახსნეს

პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა, რომელიც ევრო-2016 შესარჩევ ციკლში სომხეთის ნაკრებთან 13 ივნისს ერევანში გასამართი მატჩისთვისთბილისში ემზადება, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პირველად ივარჯიშა.
წვრთნამდე პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა დანიმ პრესკონფერენცია პორტუგალიელი ჟურნალისტებისთვის ჩაატარა, რომლებიც თბილისში თავისი ქვეყნის ნაკრებს ჩამოყვნენ.

პორტუგალიის ეროვნული გუნდის პრესსპიკერმა ონოფრე კოშტამ “მიხეილ მესხის” საკონფერენციო დარბაზში მყოფი ქართველი ჟურნალისტები წინასწარ გააფრთხილა, რომ პრესკონფერენციის პირველი ნაწილი პორტუგალიურად წარიმართებოდა და შემდეგ, ქართველებს კითხვების ინგლისურად დასმის საშუალება ექნებოდათ.
დანიმ ბევრი ისაუბრა და როგორც პორტუგალიელმა კოლეგამ მოკლედ გადაგვითარგმნა, სანკ-პეტერბურგის “ზენიტის” ფორვარდმა შემდეგი თქვა:

“სეზონის ბოლო ოფიციალური მატჩი გვაქვს და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. სომხეთს ძლიერი გუნდი ჰყავს და განსაკუთრებით სახიფათოდ კონტრშეტევებზე თამაშობენ”.

ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ აირჩიეს პორტუგალიელებმა მოსამზადებლად თბილისი, ნაკრების პრესსპიკერმა უპასუხა, რომ სჯობდა ეს კითხვა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის დაესვა. თუმცა, პრესკონფერენციის დასრულების მერე დარბაზიდან გასული ონოფრე კოშტა დაბრუნდა და ქართველ ჟურნალისტს პორტუგალიელთა არჩევანის მიზეზები განუმარტა.

კერძოდ, მისი თქმით, საქართველოში კარგია ამინდია,მოსამზადებლად კარგი ატმოსფეროა, თბილისი და ერევანი ერთ საათობრივ სარტყელში იმყოფებიან და ასევე, საქართველოს და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციებს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

თბილისში იმყოფება გუნდის კაპიტანი და მადრიდისრეალისვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუც. 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button