“ოლიმპიური ცეცხლის” ესტაფეტა თელავში კონცერტით დასრულდება

საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,  გურჯაანი უკვე შეხვდა “ოლიმპიურ ცეცხლს”.ოთხშაბათს კი კახეთის მეჩირაღდნეები თელავში შემოვლენ. 

“10 ივნისს, საღამოს 19:30-ზე, ჩირაღდნის ესტაფეტა თელავის ცენტრალურ მოედანზე ოლიმპიური ცეცხლის საზეიმო ვითარებაში შემოტანით  და კონცერტით დაგვირგვინდება.კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის მომღერლები.” – ამის შესახებ რადიო ჰერეთს ორგანიზატორებმა განუცხადეს.

თელავში “ოლიმპიური ცეცხლი” ორ დღეს გაჩერდება, შემდეგ გეზს ახმეტისკენ აიღებს. ხოლო 12 ივნისს ოლიმპიურ ცეცხლს ვერტმფრენით ჩარგალსა და ყაზბეგში გადააბრძანებენ, სადაც ესტაფეტა გაგრძელდება.

საბერძენთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად ბათუმში 26 მაისს შემოვიდა, 28 მაისიდან კი აჭარის მაღალმთიანი რეგიონებისკენ აიღო  გეზი და იმოგზაურა  ქედაში, შუახევსა და ხულოში. 29 მაისიდან ცეცხლმა  სამხრეთ საქართველოსკენ დაიწყო  მოგზაურობა . ესტაფეტის ფარგლებში ოლიმპიური ცეცხლი ადიგენს, ახალციხეს, ასპინძას, ახალქალაქს, ნინოწმინდას, წალკას, თეთრწყაროს,  ბოლნისს, მარნეულს, გარდაბანსა და რუსთავს უკვე ესტუმრა.

14 ივლისამდე ოლიმპიური ცეცხლი მოივლის საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტს.

14 ივლისს კი ცეცხლი დედაქალაქში შემოვა. ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე იღებს მონაწილეობას. 26 ივლისს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე დიდ კაულდრონში აინთება და ფესტივალის დასრულებამდე იგიზგიზებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button