პოტენციურ სადედამთილოს ექიმი რძალი უნდა – ლია კამლაძის ბლოგი
ის იშვიათი და ბედნიერი დროა, როცა სახლში გვიან მისვლას არავინ მიშლის. ბიჭი, რომელსაც ვხვდები, დეიდაჩემს ძალიან მოსწონს: ექიმი, წესიერი, კარგი ოჯახისშვილი.
სხვას მნიშვნელობა არაფერს აქვს…
მაგრამ…ჩამოჰკრა უბედურების ზარმა. ორივე ოჯახის საერთო ნაცნობმა ამბავი მოგვიტანა: ბიჭის დედა (ქალბატონი ვიოლა), გოგოს კი არ იწუნებს, მაგრამ ამბობს, რომ ექიმი რძალი უნდა და თანაც…,,ჩვენ სულ აკადემიკოსები და დოქტორები გვყავს გვარში”-ო -უთქვამს… (პროფესია ხომ, მაგრამ სოციალურ სტატუსსაც გვიწუნებენ)….
აქ მოხდა თუ მოხდა…რაიოოოო?! დეიდაჩემი დასაბმელი გახდა…
კიდევ კარგი ქალბატონ ვიოლეტას არ ესმოდა მისი მისამართით ნასროლი რეპლიკები…მოკლედ, დეიდაჩემი ბობოქრობს…
ჩამოწერა (მართლა) სია, ჩვენი ნათესავებიდან ვისაც რაიმე ხარისხი ჰქონდა (მათში აკადემიკოსი ნამდვილად ვერ აღმოვაჩინეთ)
რამდენიმეს ტელეფონით დაუკავშირდა (რაღაცეები დააზუსტა) და ,,პრეტენზიულ სადედამთილოს” გაუგზავნა.
მთელი დღე მაღალი წნევა ჰქონდა და ,,მოკითხვებს” უთვლიდა აკადემიკოსების შთამომავლებს.
ვერაფრით რომ ვერ დაწყნარდა, ისე, დასამშვიდებლად ვუთხარი, კი არ ვგიჟდები იმ ბიჭზე, უბრალოდ, ვერთობი და ძალიანაც ნუ ინერვიულებ-მეთქი.
წერილი ადრესატს მიუტანეს და თურმე თან დეიდაჩემის დანაბარებიც მიაყოლეს სიტყვა-სიტყვით, რაც მე მის დასამშვიდებლად ვთქვი.
მეორე დღეს რეკავს ჯერ კიდევ პოტენციური სასიძო და მეკითხება, მართლა ასე თქვიო?!
საშინლად არ მიყვარს ტყუილები, თანაც მომხდარს სერიოზულად მართლა არ განვიხილავდი და ვუპასუხე ,,დიახ, ნამდვილად ასე ვთქვი”-მეთქი და სანამ მაგრამს და ახსნას მივაყოლებდი, ყურმილში წყვეტილი ზუმერი გაისმა…
ასე დასრულდა სიყვარულის ისტორია. დღეს ის ბიჭი ბოსტონში ცნობილი ექიმია, მაგრამ ბედის დაცინვა…მისი მეუღლე ექიმი არ გახლავთ,- ბიოლოგია.
რაც შეეხება ქალბატონ ვიოლას, ახლახანს გავიგე, რომ 40-წლიანი ქორწინების შემდეგ, ქმარი გასცილდა,ცუდი ხასიათის გამო. მე კი ისევ გასათხოვარი ვარ.