პრემიერ-მინისტრი: კარბელაშვილი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი მომხდარი ინციდენტის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
პრემიერის განცხადებით, არც ერთი ადამიანი არ დარჩება დაუსჯელი, ვინც კანონს დაარღვევს, იქნება ეს კარბელაშვილი, “ქართული ოცნების” დეპუტატი თუ მინისტრი.
“ნებისმიერი მოქალაქე, ვინც პოლიციის წინააღმდეგ, რაიმე ქმედებას განახორციელებს, ის იქნება კანონის შესაბამისად მკაცრად დასჯილი. ეს არის ჩემი პოზიცია და ამას მტკიცედ დავიცავ. ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში – პროვოკატორებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ქართული პოლიციის სახელი შებღალონ, მათი ეს მცდელობა დასრულდება კრახით.
ისინი დაისჯებიან სამაგალითოდ, იქნება ეს კარბელაშვილი თუ ბარამიძე, რომლებიც პირდაპირ პროვოცირებენ და იწვევენ ჩვენს პოლიციელებს. მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციელებს ასეთი ღირსეული და პროფესიონალური მოქცევისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ გიორგი კარბელაშვილი იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. “სხვა შემთხვევაში ასეთ ბოდვებს და სისულელეებს არ მოიგონებდა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მოტივით ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.
“ვასაჯაროებთ 9 აგვისტოს ბორჯომი-თბილისის მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალას, რომელიც გადაღებულია საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერით და საპატრულო ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორით. ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი საპატრულო ეკიპაჟის წევრებს, ასევე, ისინი ხელს უშლიან პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
გიორგი კარბელაშვილის განცხადებები, თითქოს ის ექვსმა საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა და გაიტაცა, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გათიშეს და მაისური შემოახიეს, სიმართლეს არ შეესაბამება.” – ნათქვამია სამინისტროს ვებგვერზე.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათი დაკავებული ჰყავდათ. ინციდენტი ღამის პირველ საათზე სოფელ ქვიშხეთში მოხდა.