პრემიერმინისტრი აშშ-ის ახალ სანქციებს “არასერიოზულსა” და “სამწუხარო” მოვლენებს უწოდებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნის სანქცირების საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და “ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა”.
16 სექტემბერს აშშ-მა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, სანქციები დაუწესა.
ბრიფინგზე რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ შეკითხვაზე პასუხად ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო.
“მე მგონია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის ადმინისტრაციაზე, ანუ ბაიდენის მიღებული არ იქნება ეს გადაწყვეტილება, მე ასე მგონია, საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში. რაც შეეხება არჩევნებზე გავლენას, აშკარად იკითხება. ყოველ ჯერზე არის გადაწყვეტილებები, არის ვიზიტები და ა.შ. პირდაპირ რევოლუციაში იყვნენ ჩართული, რევოლუციის მცდელობაში იყვნენ ჩართული უცხოელი პოლიტიკოსები, პირდაპირ რევოლუციურ სცენაზე ავიდა რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და რამდენიმე პარლამენტის დეპუტატი. ასეთ პირობებში რატომ გიკვირთ, რომ საარჩევნო პროცესებშიც არის ჩარევის მცდელობა, რაც უხეშად ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს. ჩვენ გადავამოწმებთ, რამდენად მოხვდება ეს ყველაფერი დამკვირვებლების დასკვნებში, ნებისმიერი ასეთი აქტი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ექნებათ. “ალბათ პირადად მეც მექნება კომუნიკაცია, ინფორმაციასაც გაგიზიარებთ”.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა პოლიციელებისთვის სანქციების დაწესებაზე და თქვა, რომ ეს ის პოლიციელები არიან, “რომლებმაც რევოლუცია აარიდეს ქვეყანას 2020 წლიდან მოყოლებული ორჯერ და მათ ასანქცირებენ”.
16 სექტემბერს “აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებებს საქართველოში. კერძოდ, დასანქცირდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან კავშირში”.
მათი განმარტებით, ზვიად ხარაზიშვილს და მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესდათ, რადგან “მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში”.
განცხადებაში ლაპარაკია ე.წ. აგენტების კანონის მიღების პროცესში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამართულ საპროტესტო აქციებზე და ნათქვამია, რომ კანონის მიღებამდე, აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის ძალებმა იძალადეს საქართველოს მოქალაქეებზე, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებზე, ჟურნალისტებსა და ახალგაზრდა აქტივისტებზე, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს.
“ამ ძალადობას ზედამხედველობდნენ სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური”, – წერია განცხადებაში.
2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმისა და ძალადობის გამო დაუწესდათ სანქციები კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს.
“ალტ-ინფოს” დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მარგინალიზებული პირების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია. მან პირდაპირ წაახალისა ძალადობა ონლაინ რეჟიმში”, – წერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოთხივე დასანქცირებული პირი “გლობალურ მაგნიტსკის სიაში” დაამატეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით კი, გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათი ოჯახის წევრებს, “რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში”.