პრეზიდენტი და ელჩები პანკისში – რა განცხადებები გაკეთდა? [Photo]
პანკისის ხეობაში ჩასულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლავროვის განცხადებებზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა შეხვედრაზე თქვა, რომ პანკისში სწორედ ლავროვის განცხადების საპასუხოდ ჩავიდა. პრეზიდენტი არც რუსეთის პირველ დიპლომატთან შეხვედრას აპირებს.
მარგველაშვილის განცხადებით, თუ ასეთი საუბარი შედგა, ეს მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მოხდება. “პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის,” – ასეთი განცხადებით საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ, რუსეთის პირველ დიპლომატს უპასუხა, რომელმაც პანკისი ტერორიზმის თვალსაზრისით საფრთხის შემცველ ხეობად დაასახელა.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დუისში ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები იმყოფებოდნენ.
პანკსის ხეობაში, როგორც თავადვე ამბობს, პირველად იმყოფებოდა ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ პანკისიდან ტერორიზმის საფრთხე არ მოდის. პრეზიდენტი პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსაც გაეცნო. ადგილობრივებმა პრეზიდენტს გაზიფიკაციის პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.
როგორც კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი, აცხადებს, პანკსისი ხეობის გაზიფიცირებისთვის ხელისუფლება თანხების მოძიებას მომავალ წლიდან დაიწყებს.
პრეზიდენტთან და ელჩებთან ერთად პანკისში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი.