პრეზიდენტი: სააკაშვილმა შეურაცხყო ღირებულებები
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, ნეგატიურად აფასებს მისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დატოვებას.
“ნეგატიურად მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება. ყოფილ პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები და ეს ღირებულებები არის საქართველოს მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს საქციელი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან ქუთაისში, სადაც ის აჟამად პოლიციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრება.
საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანებას ხელს თავად პრეზიდენტი აწერს.
სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება იმას ნიშნავს, რომ იგი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს.
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის” თანახმად, საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს პირი, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.