თელავში “ფარჩო”-ს გაიხსენებენ

1 ივნისს, გამოჩენილი ქართველი ხელბურთელის თამაზ ანთაძის დაბადებიდან 80 წელი სრულდება და ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელბურთის ფედერაცია დღეს, 31 მაისს თელავში ხსოვნის დღეს ასწყობს.თელავში შეკრებილნი არიან ყველა თაობის ხელბურთელები – ვეტერანები და ოლიმპიური ნაკრებების წარმომადგენლები.

დღეს, მოეწყობა საჩვენებელი მატჩები, ბავშვთა ხელბურთის ფესტვალი, ფოტოგამოფენა, ძველი, სახელბურთო კინოქრონიკის ჩვენება.

ანთაძე მრავალმხრივი სპორტსმენი იყო. ხელბურთში კალათბურთიდან მოვიდა, კარგად თამაშობდა ჩოგბურთს, შესანიშნავად იდგა თხილამურებზე, იყო აზარტული წყალქვეშ მონადირე. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ დროდადრო მუშაობდა მწვრთნელადაც, სამშობლოში თუ უცხოეთში, ხოლო კახეთში, ტრესტ „ალაზანმშენის“ მთავარ ინჟინრად მუშაობისას, უდიდესი ამაგი დასდო მხარის სპორტულ ცხოვრებას – მისი ხელმძღვანელობით აშენდა თელავში სპორტთამაშების დარბაზი, ჩოგბურთის კორტები, ხოლო გომბორის ქედზე, ცივის მთაზე – სამთოსათხილამურო ტრასა და საბაგირო. საბაგირო შემდეგ გუდაურში გადაიტანეს, ხოლო კორტებსა და დარბაზში დღესაც იმართება საერთაშორისო შეჯიბრებები.

როგორც ყველა ნიჭიერ ადამიანს, ანთაძის ტალანტსაც ბევრი წახნაგი ჰქონდა და ყველა მათგანს მთელი ვნებით ემსახურებოდა. 45 წლისა მხატვრობამ გაიტაცა და ლამის კიდევ ერთ პროფესიად ექცა – ცხოვრების ბოლომდე ხატავდა და გამოფენებშიც მონაწილეობდა.

როგორც მას ახლობლები და მეგობრები იხსენებენ: “სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრა 67 წელიწადი. ბოლო წელიწადს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს უთავკაცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, იქიდან ჩვეულებრივ, მხნედ, ქმედების წყურვილით აღსავსე დაბრუნდა, მაგრამ უკურნებელი სენი აღმოაჩნდა და მალევე აღესრულა”

ჩამოაყალიბა გუნდები: “დინამო” და “კოლმეურნე” (1970), თელავში დააარსა ბავშვთა და მოზარდთა სპეციალიზებული სპორტული სკოლა (1981). იყო ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სკოლის დირექტორი (1985-88), ქუვეითის კლუბების “ალ-არაბის” (1989-90), “კლაბ ქუვეითის” (1991-92) და ამ ქვეყნის ნაკრების (1993-94) მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით “ალ-არაბიმ” ქვეყნის თასი მოიგო (1990), “კლაბ ქუვეითი” მესამე პრიზიორი (1992), ნაკრები კი აზიის თამაშების ჩემპიონი გახდა (1994). საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.

ისაა პირველი ადამიანი, რომელმაც საბჭოთა კავშირის პირველ ჩემპიონატში გამარჯვებისთვის დაწესებული თასი 1962 წელს ჩაიბარა.

ანთაძე, სპორტული მეტსახელით „ფარჩო“ 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”8073″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1433069124203″]

მსგავსი პოსტები

Back to top button