მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პრეზიდენტი ზელენსკი დატბორილ ხერსონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონის ოლქს, სადაც მაშველთა რაზმები მუშაობენ ათასობით ადამიანის გადასარჩენად, რომლებიც მდინარე დნეპრზე კახოვკის კაშხლის დანგრევით გამოწვეული კატასტროფული წყალდიდობის შედეგად არიან მომწყვდეული. ამის ფონია რუსეთის ჯარების მიერ რეგიონის დაბომბვა, რაც მოსახლეობაში შიშს ზრდის.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„სამუშაო ვიზიტი ხერსონის ოლქში. საკოორდინაციო თათბირი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია: კატასტროფის შედეგად ოლქში შექმნილი ოპერატიული მდგომარეობა, დატბორვის პოტენციური ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეული საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაცია, დატბორილი ტერიტორიების სასიცოცხლო უზრუნველყოფის ორგანიზება. ასევე, რეგიონის ეკოსისტემის აღდგენის პერსპექტივები და ტექნოგენური კატასტროფის ზონაში ოპერატიული სამხედრო ვითარება“, – წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მაშველებს და მოხალისეებს 8 ივნისს, როდესაც მოინახულა დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუირებულები. უკრაინის პრეზიდენტმა ხელისუფლებასთან ერთად განიხილა ზომები დაზარალებულთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად.

გარდა ამისა მაშველთა მუშაობას აფერხებს დამატებითი საფრთხე – რუსეთის ჯარები ცეცხლს უშენენ უკრაინის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებს დნეპრის მარცხენა სანაპიროს მხრიდან. პრობლემას ქმნის ასევე წყალდიდობის მიერ გადაადგილებული სახმელეთო ნაღმები.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ზარალის დაანგარიშება და კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადასახდელად თანხების გამოყოფა.
6 ივნისს, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ააფეთქა “მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი” და ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა.
კახოვკის კაშხალი მდებარეობდა ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს უწოდა “კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია”.
ანალიტიკოსების ნაწილი ერთ-ერთ ვერსიად იმას განიხილავს, რომ კაშხალი შესაძლოა, თავად დაინგრა საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად.
კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით.
როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი 6 ივნისს, გამთენიისას ააფეთქეს, რის შედეგადაც მდინარის ორივე ნაპირზე ათობით დასახლებული პუნქტი დაიტბორა.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button