მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტმა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რუსული კანონის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს სარჩელი შეიტანა. პრეზიდენტი ითხოვს რომ სარჩელის განხილვის დასრულებამდე გაუქმდეს „აგენტების კანონი“, რადგან მიიჩნევს, რომ ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის შესახებ ჩანაწერს.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადეს, საჩივარს უფლებამოსილი პირი სამი დღის ვადაში დაარეგისტრირებს, შემდეგ კი მას პლენუმი განიხილავს.

„სასამართლოს კანცელარია 19:00 საათზე იკეტება. დღეს, სამუშაო დღის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე, კანცელარიაში შემოვიდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. უფლებამოსილი პირი მას სამი დღის ვადაში გადაამოწმებს, შემდეგ დაარეგისტრირებს, ბოლოს კი სასამართლოს პლენუმი განიხილავს“ , – გვითხრეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

პრეზიდენტი სარჩელში მიუთითებს, რომ ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაარღვია, რადგან რეპრესიული კანონი ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

“ე.წ. რუსული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სარჩელით, ასევე, გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას”, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.

პრეზიდენტის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ დეპუტატები და 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაც.

პლატფორმა ერთიანობის ლიდერის თამარ კორძაიას ინფორმაციით, დეპუტატები სარჩელს თვის ბოლოს შეიტანენ. მისი თქმით, კანონი კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს არღვევს.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, ისინი სარჩელში მიუთითებენ რუსული კანონის შედეგად კონსტიტუციის დარღვევის არაერთ მუხლზე – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, გაერთიანების უფლებაზე, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე.

ამასთან, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ 2 სარჩელთან დაკავშირებით ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი ჩართული იქნება განხილვის პროცესში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით.

სახალხო დამცველს შეუძლია, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მსგავსად, ანალოგიურად მოამზადოს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ, ან სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს და ამ ფორმით დააფიქსიროს პოზიცია.
შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი კანონთან დაკავშირებით უკვე მზად არის და მას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. პრეზიდენტი სარჩელში მოითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს.

საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს – პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია.

„საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სარჩელით, ასევე, გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას“, – განაცხადა მსხილაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button