მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტთან საახალწლო მიღებაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ -ბეჟაშვილი

პრეზიდენტის რეზიდენციაში დღევანდელ ღონისძიებაში პარტიის თავმჯდომარე მიიღებს მონაწილეობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია საკითხს დააყენებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ პატიმრობისგან და „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არ იქნება შერიგების საკითხი.

გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილ შეხვედრად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან საახალწლო მიწვევა არის ნორმალური ჟესტი.

კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს დღევანდელ შეხვედრას დაესწროს, მაჭარაშვილი პასუხობს – „ანუ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს, რომ ახალი წელი დგება“.

კითხვაზე, რა ნაბიჯს გადადგამს “ქართული ოცნება” შერიგების მიმართულებით, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პირველ რიგში, საჭიროა ოპოზიცია პარლამენტს დაუბრუნდეს.”ჩვენ რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ, პარლამენტიდან ქუჩაში ხომ არ გავალთ, მოვიდნენ ქუჩიდან პარლამენტში და ამის შემდეგ დავილაპარაკოთ,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

პრეზიდენტთან საახალწლო მიღებაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ – შემდეგ, როცა უფრო საქმიანი ფორმატი და რეჟიმი იქნება, ასეთ შეხვედრებს შევუერთდებით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიესალმება სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებიც მიღებას დაესწრებიან და ეს იქნება შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიციები “მოითელოს”.

„შეხვედრის ფორმა არაორდინალურია, ამ შეხვედრას ჰქვია საახალწლო მიღება. ბუნებრივია, ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, თუმცა ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, რომელიც ისარგებლებს ამ შემთხვევით, მივესალმებით. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა, მოითელოს გარკვეული პოზიციები იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა და ეხებოდა შეთანხმების პროცესის დაწყებას და წარმართვას. შემდეგ, როცა უფრო საქმიანი ფორმატი და რეჟიმი იქნება, ბუნებრივია, ასეთ შეხვედრებს შევუერთდებით და უფრო ხელშესახებად ვიმუშავებთ,“– განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ინიციატივა შერიგებაზე მისაღებია.

„ქვეყანას სჭირდება ახალი ათვლის წერტილი, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ. ჩვენ ვაპირებთ ამ შესაძლებლობის გამოყენებას და ამ ფორმატში მონაწილეობას. თუ „ქართული ოცნება“ ჩააგდებს ამ ინიციატივას და არ მიიღებს მონაწილეობას, ეს კიდევ ერთი გზავნილი უნდა იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ასევე ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ის ხელისუფლების მიტაცებას, უზურპაციას ახდენს და არ ითვალისწინებს არსებულ პოლიტიკურ რეალობას,“ – განაცხადა ბეჟაშვილმა.

პრეზიდენტის რეზიდენციაში დღევანდელ ღონისძიებაში პარტიის თავმჯდომარე მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და დესტრუქციაზეა ორიენტირებული, ხოლო შერიგებაზე მათი განცხადებები არის ფარისევლობა.

პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საახალწლო წვეულებაზე მისვლას არ აპირებს.

ხოშტარია სალომე ზურაბიშვილს მიწვევისთვის მადლობას უხდის და განმარტავს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების პროცესის დაწყებაზე უარს არ ნიშნავს.

ცნობისთვის, 10 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, პირობა დადო, რომ წამოიწყებს “ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება”.

საპასუხოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა მას და გიორგი მარგველაშვილს შეხვედრა შესთავაზა. მეოთხე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განცხადება სწორად დანახული დინამიკაა და თქვა, რომ უმჯობესი იქნება, თუ შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილმა მისი ინიციატივა გუშინ პატრიარქსაც გააცნო და კურთხევა სთხოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button