მნიშვნელოვანისაქართველო

“პროკურატურა კანონსაწინააღმდეგოდ იქცევა” – მესამე სექტორი

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ პროკურატურა კანონსაწინააღმდეგოდ იქცევა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროკურატურას ზეწოლის მოხდენის მცდელობაშიც ადანაშაულებენ.

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი, გიორგი ჩიტიძე ამბობს, რომ პროკურატურას არ აქვს უფლება, დაავალდებულოს უფლებადამცველი, წყარო გათქვას. პროკურატურის განცხადებას კრიტიკულად აფასებს ასევე “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” იურისტი, თამარ ქეცბაია. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერმა პირმა დაიცვას საკუთარი წყარო.

საქმე ეხება ყალბი პირადობების შესაძლო დამზადების შესახებ პროკურატურის მიერ უფლებადამცველებისთვის ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების მოთხოვნას. ამ საქმეზე უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს სამოქალაქო სექტორის წევრების გამოკითხვა. არასამთავრობო ორგანიზაციები არ ასახელებენ იმ პირს, ვინც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვის საქმეზე მიაწოდა მათ ინფორმაცია, რადგან მათი თქმით, ეს პრინციპული საკითხია ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანამშრომლობენ სამოქალაქო სექტორთან.

მმართველ პარტიაში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ყალბი პირადობების შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ წევრებისთვის დაუჯერებელია, რომ ყალბი პირადობები იბეჭდებოდეს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა ამბობს, რომ მესამე სექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება, რის გამოც, მიაჩნია, რომ გამოძიებამ უნდა გასცეს სათანადო პასუხები.

მსგავსი პოსტები

Back to top button