პროკურატურამ გვარამიას განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს მთავარ პროკურატურაში “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.- იუწყება საინფორმაციო პროგრამა “კურიერი”.
“რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე. დანაშაულით გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით,” – განაცხადა ნათია სუხიაშვილმა, პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა.
მისივე განმარტებით, პროკურატურის მიერ შესაძლებლობის ფარგლებში უმოკლეს ვადაში მოხდება ნიკა გვარამიას მოწმის სახით დაბარება და დაკითხვა, მომხდარის დეტალებში გარკვევის მიზნით.
დღესვე საგამოძიებო ორგანო ნიკა გვარამიას დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში არხის გენერალურ სირექტორს შეატყობინეს, რომ გამოძიება დაიწყო და მას ჩვენების მისაცემად მისვლა შესთავაზეს. ნიკა გვარამიამ მათ დღეს მისვლაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც მას ხვალ დღის 12:00 საათზე მისვლა შესთავაზეს.
“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა მათგან ოფიციალური უწყების გამოგზავნა ითხოვა. – იუწყება ტელეკომპანია.