მნიშვნელოვანისიახლეები

პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად არ ცნო

პროკურატურამ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა "დაუსაბუთებლობის გამო" არ დააკმაყოფილა

შოთაძის უწყებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა “დაუსაბუთებლობის გამო” არ დააკმაყოფილა, ამავდროულად, ადვოკატებს სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შესაძლებლობა მისცა, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც სააკაშვილის გლდანის #18 პენიტენციურ დაწესებულებასა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებს შეეხებოდა, განცხადება პროკურატურამ დღეს, 20 იანვარს გაავრცელა.

“პროკურატურა გამოთქვამს მზაობას დაცვის უფლების სრულყოფილად უზრუნველყოფისთვის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველ ადვოკატებს მიეცეთ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.​

პროკურატურა განმარტავს, რომ მიზეზი მოთხოვნის დაუსაბუთებლობაა.

მეტიც, ამავე განცხადებაში საუბარია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ამ დრომდე არ შეასრულა პროკურატურის მითითება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ.

“2021 წლის 9 ნოემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. კერძოდ, N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას მის მიმართ შესაძლო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, მიზანმიმართული ვერბალური აგრესიის და მისი სამხედრო ჰოსპიტალიდან N12 დაწესებულებაში გადაყვანისას მაჯის საათის ჩამორთმევის ფაქტებზე.

მიმდინარე გამოძიების და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების თაობაზე, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა ორჯერ – 2021 წლის 9 და 30 დეკემბერს მოახდინა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების დეტალური ინფორმირება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე საჭიროებს კომპლექსურ და სრულყოფილ გამოძიებას და ამ მიზნით, 2021 წლის 29 ნოემბერს, საქმეზე პროკურორის მიერ გაცემულ იქნა მითითება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ, რომელთა ნაწილიც ამ დრომდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შესრულებული არ არის. საქმეზე დანიშნულია კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში თუ რამდენად სათანადო სამედიცინო მომსახურება გაეწია მას; დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა; საქმეზე გამოთხოვილ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური, ვიდეოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები; ასევე ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომლის პასუხები გამოძიებას ამ ეტაპისთვის არ მიუღია და რომლის შედეგებიც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოებების დასადგენად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის წერილობითი მითითებების შესრულებამდე, მათ შორის შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების მიღებამდე და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ცალკეული გარემოებების გადამოწმების მიზნით, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებამდე, პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას საქმეზე მიიღოს რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მათ შორის პირი ცნოს დაზარალებულად. ხსენებულის გათვალისწინებით, დაცვის მხარის მოთხოვნა – მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

ამავდროულად, პროკურატურა გამოთქვამს მზაობას დაცვის უფლების სრულყოფილად უზრუნველყოფისთვის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველ ადვოკატებს მიეცეთ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას 18 იანვარს მიმართეს. ნიკა გვარამიას თქმით, დაზარალებულის სტატუსის მიღების შემთხვევაში სააკაშვილის ადვოკატებს ექნებათ სრული წვდომა გამოძიებაში არსებულ მასალებზე, მათ შორის გლდანის ციხეში გადაყვანის ამსახველ ვიდეოზეც.

“ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს დღეს იმ უწყებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საკითხზე”, – ამბობდა სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევდა, რომ ადვოკატების მოთხოვნა სამართლიანი იყო.

“რაც შეეხება დაზარალებულის სტატუსს, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეს მოთხოვნა და ვფიქრობ, რომ არის სამართლიანი მოთხოვნა. თუმცა, იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული პოზიცია ამისთვის საჭიროა საქმის მასალების ნახვა და შესწავლა”, – ამბობდა ის.

საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 2021 წლის 9 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიწყო გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაზე. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სახალხო დამცველის აპარატიდან შესული შეტყობინება და სოციალურ ქსელებსა თუ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია. მოგვიანებით კი, სანამ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში დააბრუნებდნენ, მას კონფლიქტი ჰქონდა საბადრაგო სამსახურის თანამშორმლებთან.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button