პროკურატურამ სტიქიის მოვლენებზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო თბილისში 13-14 ივნისის მოვლენებზე “სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე”.- ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
“საქართველოს პროკურატურამ 14 ივნისს, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
გამოძიების ფარგლებში შესწავლილი იქნება მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გამოკვლეული იყო თუ არა ადგილმდებარეობა, გათვალისწინებული იქნა თუ არა მოსალოდნელი რისკები და მშენებლობისას დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები” – ნათქვამია პროკურატურის დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებამდე ცოტა ადრე, საქართველოს პრემერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა რომ მომხდარი ტრაგედიით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რასაც 16 ივნისს თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას გამოხმაურებაც მოჰყვა. უგულავა ციხიდან წერს, რომ “მტკიცება იმისა, რომ გზა სპეციალისტების გარეშე აშენდა – ტყუილია. ჩვენთან ასეთი პრაქტიკაა დანერგილი – თუ თავად არ მონაწილეობ რაიმე პროექტში, სხვა სპეციალისტის მონაწილეობა არ ითვლება. ასე შეიქმნა ის მითიც, რომ ეს პროექტი პოლიტიკოსებმა დაგეგმეს”.