პანკისელ აიუფ ბორჩაშვილს ბრალი 2 მუხლით წაუყენეს
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ სოფელ ჯოყოლოს იმამს აიუფ ბორჩაშვილს ბრალი 2 მუხლით წაუყენეს.
გამოძიება მას ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების გამო გადაბირებისთვის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებაში ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებაში ადანაშაულებს.
327-ე პრიმა მუხლის შემთხვევაში 5-დან 10 წლამდე, 328-ე მუხლის მიხედვით კი 10-17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, აიუფ ბორჩაშვილი “სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია საქართველოში და პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გადაყვანის ორგანიზაბაში ედება ბრალი.
საქმეში ფიგურირებს აპრილის თვეში თურქეთში 2 არასრულწლოვანის გადაყვანაც.
ბრალი ასევე წაუყენეს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს გავლით ჯერ თურქეთში, შემდეგ კი სირიაში საბრძოლველად მიდიოდნენ.
სამართალდამცველთა მტკიცებით, სწორედ აიუფ ბორჩაშვილის ორგანიზებით და ხელშეწყობით აპირებდნენ ისინი ჯერ თურქეთში, შემდეგ კი სირიაში გამგზავრებას. თავად ბორჩაშვილი ბრალს არ აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ, ე.წ ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებთან კავშირი ჰქონდა, მათ შორის თარხან ბათირაშვილთან – იგივე ალ შიშანთან, ჟღალ გენერალთან.