ფრონტერა კალაძეს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

კომპანია “ფრონტერას” ხელმძღვანელობა კახა კალაძეს მიმართავს და მის განცხადებებს მცდარს უწოდებს. წერილში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 5 თებერვლის ინტერვიუში მინისტრმა არასწორი განცხადებები გააკეთა ატლანტიკური საბჭოს ანგარიშთან დაკავშირებით.

“თქვენ კომენტარი გააკეთეთ ზემოხსენებულ ანგარიშში ასახულ იმ დადებით გამოხმაურებაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოში, კახეთის რეგიონში, ფრონტერას მიმდინარე საძიებო სამუშოების შედეგად გამოვლენილი ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი რესურსების შეფასებას. ვინაიდან თქვენ აღჭურვილი ხართ მინისტრის თანამდებობით, რომელიც დიდ საზოგადოებრივ ნდობას განაპირობებს, თქვენი ეს არასწორი განცხადებები უამრავმა საინფორმაციო სააგენტომ და სოციალურმა მედიამ გააშუქა და არაერთგზის გაიმეორა. სწორედ ამიტომ გვსურს, რომ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას გავაცნოთ სწორი ფაქტები საქართველოში ბუნებრივი გაზის მზარდ სექტორში ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის წარმომადგენლები კალაძეს მიუთითებენ, რომ მისი ფრაზა „ისეთ მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია“ არ არის მართალი.

“თურქმენეთის ბუნებრივი გაზის დადასტურებული მარაგები შეადგენს 626 ტრილიონ კუბურ ფუტს (17.5 ტრილიონ კუბურ მეტრს). საწყისი პერსპექტიული რესურსების მოცულობა კი თავისთავად გაცილებით დიდია. თურქმენეთის მთავრობა უფრო მაღალ შეფასებას ასახელებს. ორივე შეფასება ბევრად აღემატება კახეთის რეგიონში ფრონტერას მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად შეფასებულ 187 ტრილიონ კუბურ ფუტის საწყის პერსპექტიულ რესურსებს”, – აღნიშნულია წერილში.

მსგავსი პოსტები

Back to top button