მნიშვნელოვანისიახლეები

პროტესტის მეხუთე დღე – ახალგაზრდები მსვლელობით იუსტიციის სახლისკენ მიემართებიან და ამბობენ რომ პროტესტის ხმა ყველა სახელმწიფო უწყებასთან უნდა ისმოდეს

“არა რუსულ კანონს” – ამ ლოზუნგით პარლამენტთან აქცია დღესაც იმართება – სტუდენტების ლოზუნგი უცვლელია. აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა დაფიონია. აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.
სხვადასხვა სასწავლებლიდან ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე ორი საათის წინ შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ იმ დრომდე არ შეწყვეტენ პროტესტს, ვიდრე უმრავლესობა კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და სკანდირებენ: „არა რუსულ რეჟიმს“, „ევროკავშირს გაუმარჯოს“, „საქართველოს გაუმარჯოს“.
“სამოქალაქო წინააღმდეგობა გრძელდება. ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება და პროტესტი არ უნდა შეწყდეს.

დღეს, 19:00-დან ვიკრიბებით პარლამენტის წინ და განვაგრძობთ ბრძოლას უწყვეტად, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე. არა რუსულ მთავრობას! არა რუსულ კანონს! ყველა პარლამენტთან!”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
საავტომობილომო მოძრაობა პარლამენტის წინ ისევ შეზღუდულია. რუსთაველის გამზირი ცოტა ხნის წინ გადაიკეტა.

საპროტესტო აქციაზე ოპოზიციიდან მხოლოდ ალეკო ელისაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა იმყოფება.

იუსტიციის სახლამდე მისვლამდე სტუდენტებმა თავისუფლების მოედანს შემოარტყეს წრე.

მათ გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სკანდირებენ “წინ ევროპისკენ!” “საქართველო, საქართველო!”

როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, ისინი აპირებენ სანაპიროს გადაკეტვას, შემდეგ კი მსვლელობით “ქართული ოცნების” შენობასთან მივლენ.

17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს.

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით”.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button