მნიშვნელოვანისიახლეები

სტუდენტები პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ

აქციაზე იმყოფებიან არამხოლოდ სტუდენტები, არამედ სკოლის მოსწავლეები და აბიტურიენტები

სტუდენტები პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ. აქცია 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაიწყო- რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტი, ახალგაზრდების თვითორგანიზებით გრძელდება.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა დაფიონია.
მარშის მონაწილეებმა გაიარეს თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ქუჩა და საპროტესტო შეძახილებით, საქართველოდ დროშებითა და ჰიმნის თანხლებით ხელისუფლებას რუსული კანონის გაუქმება მოსთხოვეს. პროტესტის მონაწილეები გმირთა მოედნისკენ გადანაცვლებას გეგმავენ.

სტუდენტები და სხვადასხვა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ამბობენ, რომ აქცია უნდა გაიმართოს ყველა სახელმწიფო უწყების შენობასთან და პროტესტი არ უნდა შეწყდეს იქამდე, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

აქციაზე იმყოფებიან არამხოლოდ სტუდენტები, არამედ სკოლის მოსწავლეები და აბიტურიენტები. ისინი გმირთა მოედნისკენ გადანაცვლებას გეგმავენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.

17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს.

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ სტუდენტები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს მართავენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი მიუღებელია არამხოლოდ არასამთავრობო სექტორისა და მედიაორგანიზაციებისათვის, არამედ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისათვისაც.

მათი თქმით, რუსული კანონი საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ასევე სიტყვის თავისუფლებას საქართველოში.

პარალელურად მესხიშვილის თეატრში იმართება თბილისის “სამეფო უბნის თეატრის” სპექტაკლი “მოახლეები” ბაია დვალიშვილის, ნატო მურვანიძისა და ნინო კასრაძის მონაწილეობით. სამივე მსახიობი გუშინ თეატრის კიბეებთან შეუერთდა მესხიშვილის თეატრის მსახიობის, ანა კოხრეიძის პროტესტს.

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით”.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button