მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი ისევ იმუქრება

დონბასა და უკრაინაში სპეცოპერაციის ყველა ამოცანა აუცილებლად შესრულდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.„ჩვენ მიერ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასსა და უკრაინაში აუცილებლად შესრულდება, რათა ისტორიულ პერსპექტივაში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ყირიმისა და მთელი ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებისთვის მშვიდობის გარანტია შევქმნათ“ , – განაცხადა პუტინმა კანონმდებელთა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საჭიროა მკაფიოდ გააზრება, რომ რუსმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა აღკვეთეს რეალური საფრთხე, რომელიც რუსეთზე ჩამოწვა, თავისი მამაცობით, გმირობით „მათ აღკვეთეს მასშტაბური კონფლიქტი, რომელიც გაჩაღდებოდა ჩვენ ტერიტორიაზე, მაგრამ უკვე სხვების სცენარებით“, – განაცხადა პუტინმა.

კრემლის ლიდერის თქმით, რუსეთს არ შეუძლია დაუშვას ანტირუსული ტერიტორიები ქვეყნის გარშემო; რუსეთი კეთილგანწყობით ეკიდებოდა უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას.

„როდესაც რუსეთი კეთილგანწყობით, მეგობრულად, ძმურად მიუდგა უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, მაშინ, რა თქმა უნდა, გამოვდიოდით იქიდან, რომ ეს იქნებოდა მეგობრული სახელმწიფო, რომ ერთად განვაგრძობთ სვლას წინ, გავაძლიერებდით და განვავითარებდით ერთმანეთს. დიახ, ახალ ისტორიულ პირობებში ისტორიულ რუსეთის ტერიტორიებზე ანტირუსეთზე არავინ ფიქრობდა და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“ , – განაცხადა პუტინმა.

ამასთან მანვე ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუკი ვინმე „გარედან“ ჩაერევა უკრაინის სიტუაციაში და რუსეთს შეუქმნის სტრატეგიული ხასიათის მიუღებელ საფრთეხეს, რუსეთი „ელვისებურ დარტყმებს“ განახორციელებს.

სანქტ-პეტერბურგში კანონმდებელთა საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე პუტინმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული მუქარის შემთხვევაში ელვისებური დარტყმის შესახებ ყველა გადაწყვეტილება მიღებულია.

პუტინმა დარტყმებს უწოდა „საპასუხო-შემხვედრი“. ეს ტერმინი სამხედრო დოქტრინებში იხმარება ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. საპასუხო-შემხვედრი არის ისეთი დარტყმა, რომელსაც ახორციელებენ მაშინ, როცა მოწინააღმდეგის მხრიდან თავდასხმა დადასტურებული ფაქტია, მაგრამ ამას ჯერ არ მიუყენებია დამცველი მხარისთვის არსებითი ზარალი (მაგალითად, მოწინააღმდეგის მიერ სტრატეგიული რაკეტების გაშვების შემთხვევაში, მაგრამ მანამდე, სანამ ისინი მიზანს მიაღწევენ).

რუსეთის პრეზიდენტს არ უთქვამს, კონკრეტულად რა სამიზნეებზე შეიძლება განახორციელონ დარტყმა და რა იარაღით. უშუალოდ ბირთვულ იარაღზე მას არ ულაპარაკია, მაგრამ ახსენა რაღაც იარაღი, რომელიც არ მოეპოვებათ რუსეთის პოტენციურ მოწინააღმდეგეებს. პუტინმა ასევე ახსენა თავისი 24 თებერვლის გამოსვლა, რომელშიც გამოაცხადა უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის დაწყების შესახებ. მაშინ მან თქვა, რომ თუკი უცხოეთის ქვეყნები ჩაერევიან სიტუაციაში, ისინი აღმოჩნდებიან ისეთი შედეგების წინაშე, როგორებიც ისტორიაში ჯერ არ არის ცნობილი.

პუტინს არც ის უთქვამს, რას ნიშნავს სტრატეგიული ხასიათის მიუღებელი მუქარა. რუსეთის სამხედრო დოქტრინით გათვალისწინებულია, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი შეიძლება პირველმა გამოიყენოს მის წინააღმდეგ ისეთი აგრესიის შემთხვევაში, რომელიც თავად სახელმწიფოს არსებობას უქმის საფრთხეს.

დასავლეთის ქვეყნები ზრდიან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მასშტაბებს და რუსეთს სანქციებს უწესებენ, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლას.

მსგავსი პოსტები

Back to top button