მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი ომში მონაწილე სამხედროების დედებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა

ომის 275-ე დღეს უკრაინაში

ვლადიმირ პუტინი მობილიზებულთა დედებს შეხვდა. პუტინმა შეხვედრაზე მათ უთხრა, რომ ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას არ უნდა ენდონ.
მისი თქმით, ინტერნეტში არაფრის ნდობა არ შეიძლება, რადგან იქ უამრავი „ფეიკი“ და სიცრუე ვრცელდება.

“გასაგებია, რომ ცხოვრება ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ის, რასაც ტელევიზორებში ან ინტერნეტში აჩვენებენ, იქ საერთოდ არაფრის ნდობა არ შეიძლება, იქ უამრავი ფეიკი, სიცრუე და ტყუილია. იქ ბევრი ინფორმაციული შეტევაა, რადგან თანამედროვე სამყაროში ყოველთვის ასე იყო, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით ეს განსაკუთრებით აქტუალური და ეფექტურია. ინფორმაცია – ბრძოლის იარაღია”, – თქვა პუტინმა სამხედრო მოსამსახურეების დედებთან შეხვედრისას.

ტელეგრამ არხი “შეგვიძლია ახსნა” წერს, რომ შეხვედრის მონაწილე დედებს შორის რამდენიმე სახელმწიფო მოხელე იყო, მაგალითად მოსკოველი ჩინოვნიკი და დეპუტატი ოლგა ბელცევა.
მან ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დედებს მიუსამძიმრა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

„მინდა იცოდეთ, პირადად მე და მთელი ქვეყნის ხელმძღვანელობა ვიზიარებთ ამ ტკივილს. გვესმის, ვერაფერი ჩაანაცვლებს შვილის დაკარგვას, განსაკუთრებით დედისთვის, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვიზიარებთ ამ ტკივილს და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავი დავიწყებულად არ იგრძნოთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული”, – აღნიშნა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა “ნაწილობრივი” მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. რამდენიმე კვირის წინ რუსეთის მთავრობაში მობილიზაცია დასრულებულად გამოაცხადეს. ოფიციალური უწყებები აცხადებდნენ, რომ მიზანი 300 ათასი პირის მობილიზება იყო. ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის რეგიონებიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ირღვეოდა გაწვევის წესები, ასევე იყო ეკიპირებისა და სწავლების პრობლემები.

ვლადიმერ პუტინისა და უკრაინაში დაღუპული სამხედროების დედების შეხვედრის ვიდეოჩანაწერი კრემლმა გაავრცელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button