მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი პრემიერ კობახიძეს ექომაგება და ამბობს რომ “ევროკომისრები სისულელეებს როშავენ”

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირაკლი კობახიძესა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებული კითხვის პასუხად ამბობს, რომ “ევროკომისრები სისულელეებს როშავენ”.

პუტინმა ამის შესახებ ბელარუსში, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო, რა თქვა იქ ვიღაც ევროკომისარმა. იქ ბევრი კომისარია, ისინი მუდმივად იცვლებიან და სისულელეებს როშავენ. მაგრამ თუ ყველაფერი ნამდვილად ისეა, როგორც თქვენ ამბობთ – ამას პოლიტიკური ბოდვისა გარდა ვერაფერს ვუწოდებთ, ეს უბრალოდ უმსგავსობაა. სამწუხაროდ დასავლელი საშუალო რგოლის ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობა განსაკუთრებით ამ მიმართულებით მხოლოდ იზრდება, ჩვენც ხშირად ვეჩეხებით ამას. ეს მხოლოდ სინანულს იწვევს”, – თქვა პუტინმა.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრის მაგალითი მოუყვანა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ესროლეს. მისი განცხადებით, ეს უკავშირდება „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მოსალოდნელ ზომებს თავის ფეისბუქპოსტში ის არ ასახელებდა, ვისთან ჰქონდა საუბარი.

აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე საათში გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დაადასტურა, რომ კობახიძეს ის ესაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იქნა ამოღებული.

“ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილი იყო არამხოლოდ მთლიანად ამოგლეჯილი კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის ისე წარდგენილი, რომ შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულად არასწორი ინტერპრეტაცია”, – აღნიშნულია ევროკომისრის განცხადებაში.

15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ რობერტ ფიცო მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. პრემიერს ამ დროს ესროლეს.

პრემიერმინისტრი ირწმუნება რომ ერთ-ერთი ევროკომისარი ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა

რუსეთში “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონი 2012 წელს მიიღეს, რის შემდეგაც ქვეყანაში დაიხურა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია. ვლადიმერ პუტინი კანონზე საუბრისას ამბობდა, რომ “რუსული კანონი” ამერიკაში 1938 წელს მიღებული “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის” შერბილებული ვერსია იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button