მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი სააკაშვილს გულისხმობდა და არა ქართულ ოცნებას-ღარიბაშვილი ფრენებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ უარყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩართული იყო რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებებში.
ირაკლი ღარიბაშვილს დიასპორის ფორუმში მონაწილეობის შემდეგ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე – რომელიც პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საქართველოს ხელისუფლების სურვილზე ამახვილებდა ყურადღებას.

“თქვენ ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში. ჩვენ არ გვქონია, ოფიციალურ მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას არ გვქონია არანაირი მოლაპარაკება. ჩვენი ძალიან დიდი დიასპორის წარმომადგენელები ითხოვდა ამას, ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას, მე ვიცი, სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ ამას”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გუშინ, 26 მაისს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია საქართველოს რეაქციით სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.

“მომეჩვენა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააყენა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ. ჩვენ ეს ნაბიჯი წინ გადავდგით მაგრამ ის, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, ჩვენი საქმე არ არის, ხალხმა თავად გადაწყვიტოს, რომელი გზა უნდა გაიაროს საქართველომ, როგორ განვითარდეს და ა.შ. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, გავიაროთ ჩვენი ნაწილი, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს წინ და გავაგრძელებთ იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ ჩვენი პარტნიორები ამაზე”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუსეთის პრეზიდენტის სწორედ ეს განცხადება გაახსენა ჟურნალისტმა.

თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების და ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობა, ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა
“მთავარზე მინდა გააკეთოთ აქცენტი, თუ ვინმე ითხოვდა ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი ხელისუფლება… ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ გულისხმობდა რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის მთავრობას”, – უთხრა პრემიერმა ჟურნალისტს.

ამ საკითხზე საუბარი ირაკლი ღარიბაშვილმა დისასპორის ფორუმზე დაიწყო, რომლის ნაწილიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მშვიდობაზე საუბარს დაუთმო.

“მათი [სააკაშვილის ხელისუფლების] დაჟინებული თხოვნა იყო, რომ ფრენები დაგვეწყო, აგერ არის ავიაკომპანია “ქართული ავიახაზები”, ბატონი თამაზ გაიაშვილი, მოაყოლეთ, მე ვიცი ფაქტები, გააგზავნეს, დაავალეს, რომ ჩასულიყო, დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან, ომის შემდეგ ხდება ყველაფერი. ასევე ომის შემდეგ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის, მოითხოვა რამე სანაცვლოდ? მოეთხოვა თქვენთვის, ჩვენი მილიონი დიასპორისთვის”, – თქვა ღარიბაშვილმა ფორუმზე.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა”. მას კვირაში შვიდი რეისის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 16 მაისს მისცა. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანიამ, რომლის პირველი რეისის შესრულებასაც აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ფრენები მხოლოდ ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობების “შემადგენელია” და მას “პოლიტიკასთან შემხებლობა არ აქვს”. ამის შესახებ მან დიასპორის ფორუმზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებაში “განსაკუთრებული არაფერია”.

“ჩვენ ვთქვით, რომ ფრენები არის შემადგენელი ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობების, ამას არავითარი შემხებლობა არ აქვს არც პოლიტიკასთან, არც საერთოდ არაფერთან და ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ მილიონ დიასპორას და მათ ნათესავებს, ოჯახებს, სჭირდებათ თავისუფალი გადაადგილება.

მოლდოვას დღეს აქვს უვიზო რეჟიმი, უკრაინას, მე მგონი, აქვს დღეს უვიზო რეჟიმი, ყოველ შემთხვევაში, ჰქონდა ომამდე, თუ არ ვცდები. ამიტომ აქ არაფერი არ არის განსაკუთრებული, პირიქით, ყველაფერი რაც გაუიოლებს ჩვენს მოქალაქეებს მოძრაობას, გადაადგილებას, ბიზნესს, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი იმეორებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ფრენების აღდგენის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით.

“ჩვენ ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამ პროცესში, არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და არც ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნაზე, არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია, ეს არაერთხელ ვთქვით, ყველა დონეზე იქნა ამის შესახებ კომენტარი გაკეთებული.

ჩვენ ვრჩებით ჩვენი განცხადებების ფორმატში, ჩვენი განცხადებების მთავარი ლაიტმოტივი რაც იყო მაშინ, რომ ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია და ახლაც იმავეს გიდასტურებთ”, – განაცხადა მან.

პუტინის განცხადებას გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილიც – მისი თქმით, აქვს “განცდა”, რომ რუსეთის პრეზიდენტი ქართული ხელისუფლების მხრიდან ფრენების აღდგენის მოთხოვნაზე რეალურად სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა. პუტინის თქმით, მისთვის გაუგებარი იყო ის რეაქცია, რომელიც სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას მოყვა.
პრემიერს ღარიბაშვილის “განცდით”, კი პუტინი თავის განცხადებაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას გულისხმობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button