თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
თურქეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში კენჭს იყრიან მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნა, არჩევნების წინასწარი შედეგები კი ცნობილი გახდება საღამოს 17:00 საათის შემდეგ, როცა საარჩევნო უბნები დაიხურება.
14 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურამდე ჩატარებული გამოკითხვების უმეტესობა ოპოზიციის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოანმა ხმების 49,5% მიიღო, ხოლო მისმა „რესპუბლიკურმა ალიანსმა“ წარმატებით დაიცვა თავისი უმრავლესობა პარლამენტში.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 44.89% მიიღო.
რამდენიმე გამოკითხვაზე დაფუძნებული მონაცემები აჩვენებს, რომ რეჯეფ ტაიფ ერდოანს და ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერს ქემალ ქილიჩდაროღლუს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების თითქმის თანაბარი შანსი აქვთ. ამავდროულად, თურქული კომპანიების მიერ ჩატარებული არაერთი კვლევა მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვებას წინასწარმეტყველებს. გამოცემა Hürriyet-ი იმოწმებს თურქეთის კვლევის ფონდის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ერდოანი კვლავ გახდება პრეზიდენტი ხმების 53,7%-ით.
„სავარაუდოა, რომ პირველ ტურში სინან ოღანისთვის მიცემული ხმები (5%) შემდეგნაირად გადანაწილდება: 1,75% ერდოანს, 1,25% ქემალ ქილიჩდაროღლუს, დანარჩენი მერყევი ამომრჩევლები კი პროპორციულად გადანაწილდებიან”, – აზუსტებს Hürriyet.
არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ქილიჩდაროღლუ ერდოღანს დაახლოებით 2,5 მილიონი ხმით ჩამორჩა, თითქმის ამდენმა ადამიანმა მისცა ხმა მესამე ადგილზე გასულ სინან ოღანს.
თურქული კომპანია KONDA Research-ის მიერ ჩატარებული სხვა გამოკითხვის თანახმად, ერდოანი მეორე ტურში ხმების 52,7%-ით გაიმარჯვებს, ხოლო ქილიჩდაროღლუ 47,3%-ს მიიღებს.
პრეზიდენტი ერდოღანი ამომრჩევლებს არჩეული კურსის გაგრძელებას, პენსიებისა და სახელმწიფო მოხელეების ხელფასების გაიზრდას ჰპირდება.
ქემალ ქილიჩდაროღლუ კი აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში თურქეთში ერთპიროვნული მმართველობა დასრულდება და ქვეყანა კვლავ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს დაუბრუნდება.